შალვა პაპუაშვილი: არჩევნებში დამარცხებული აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაცია მის ბოლო დღეებს იყენებს იმისთვის, რომ თავს დაესხას ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას

“არჩევნებში დამარცხებული აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაცია მის ბოლო დღეებს იყენებს იმისთვის, რომ თავს დაესხას ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის მიერ შსს-ს მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრისას განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, ეს არის კიდევ ერთი თავდასხმა აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაციისა ქართველ ხალხზე. სამწუხაროა, რომ არჩევნებში დამარცხებული ადმინისტრაცია მის ბოლო დღეებს იყენებს იმისთვის, რომ თავს დაესხას ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას. ეს, რა თქმა უნდა, არის მძიმე ლაქა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩვენს სამართალდამცავ და უსაფრთხოების სისტემას. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ ანგარიში, რომელიც შეეხებოდა უსაფრთხოების სისტემას მათ შორის საქართველოში და შეეხებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ ვნახეთ განსაკუთრებული შექება საქართველოს სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემისა. ვის აქებენ იქ? იქ აქებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის მინისტრს, იქ აქებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, იქ აქებენ პროკურატურას და მის ხელმძღვანელობას. მათი დამსახურებაა, რომ აშშ-ს უწყებები მადლობას გვიხდიან, რომ საქართველოში არცერთი ფაქტი არათუ ტერორიზმის არ დაფიქსირებული, არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა რეკრუტირებისა საქართველოს მოქალაქეებისა და გახსოვთ თქვენ რა პრობლემები გვქონდა წლების წინ საქართველოში ამ მიმართულებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ვახტანგ გომელაურის და დანარჩენი სხვა თანამშრომლების დამსახურება არის ის, რომ საქართველოში უსაფრთხო გარემო არის შექმნილი არა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არამედ უცხოეთის მოქალაქეებისთვის და უცხოელი დიპლომატებისთვის.

„ამის ფონზე ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის ძალიან არასწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. აღარ გავიხსენებ სხვა რამეს, იმ გვერდში დგომას, რაც ქართველმა ხალხმა დავანახვეთ აშშ-ს, ამერიკელ ხალხს. ამიტომ ეს გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, ეწინააღმდეგება ამერიკელი ხალხის ინტერესს და, სამწუხაროა, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ადმინისტრაციას, რომელსაც მომდევნო ლეგიტიმაციაზე უარი უთხრა ამერიკელმა ხალხმა ამერიკელი ხალხის სახელით აზიანებს ქართველ ხალხთან ურთიერთობას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებების მიიღება სრულად აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სანქციების თემას თვეების განმავლობაში იყენებდნენ მუქარის ინსტრუმენტად სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან შიგნით თუ გარეთ

„ეს მუქარა განხორციელდა, თუმცა საქართველოში ისევე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე თენდებოდა და ღამდებოდა. საქართველო წინ მიდის, ჩვენი საზოგადოება წინ მიდის და, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენს ხალხს ვერ დააზიანებს. ერთადერთი, რასაც აზიანებს ასეთი გადაწყვეტილებები, ეს არის იმ ხელისუფლებების რეპუტაცია, რომლებიც ამგვარ გადაწყვეტილებებს იღებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები