შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: როდესაც ნებისმიერი ადამიანი მათ ნარატივში არ ჯდება, ხდება მისი სტიგმატიზება, როგორც რუსეთის აგენტის

“რაც მათ ამ დღეებში გააკეთეს, ვნახეთ, რომ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ლამის, კრემლთან კავშირი დააბრალეს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტსა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ოპოზიციის რეაქციის შეფასებისას განაცხადა.

„ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სტუმრობა ძალიან კარგი მაგალითია და რეაქცია, რომელიც შემდგომ ვნახეთ. მათ შორის, მან გუშინ შემაჯამებელი „ტვიტი“ დაწერა და უნდა ნახოთ ის სიძულვილისა და მუქარის კორიანტელი, რომელიც „ტვიტერზე“ კომენტარებშია. პირდაპირ წარმოაჩინა სახე ქართულმა ოპოზიციამ „ენჯეო“ სექტორმა ევროსაბჭოს მიმართ და შეიძლება, ითქვას, რომ ევროპის დონეზე შეგვარცხვინეს, მაგრამ კარგი მაგალითი არის ზუსტად ეს, როგორ ყალიბდება ხოლმე აღქმები. რაც მათ ამ დღეებში გააკეთეს, ვნახეთ, რომ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ლამის, კრემლთან კავშირი დააბრალეს და თავისი მომხრეების ნაწილში ალბათ, ზუსტად ეს აღქმა შექმნეს. ის სიძულვილი, რომელიც მის „ტვიტებს“ მოჰყვა, ამის მანიშნებელია. ეს აისახება ხოლმე შემდეგ მათ შორის, თავად ეუთო/ოდირის დასკვნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სტუმრობა ზუსტად აჩვენებს, როგორ ქმნის ოპოზიცია ყალბ ნარატივებს.

„ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იმის გამო, რომ რაღაც არ მოეწონათ მის რომელიღაც წინადადებაში, პირდაპირ გამოაცხადეს ლამის რუსეთის აგენტად. მათ შორის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა ევროსაბჭოს იმისთვის, რომ განიხილოს ამ ადამიანის საკითხი. ასეთ აბსურდთან გვაქვს საქმე, როდესაც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მათ ნარატივში არ ჯდება, ხდება მისი სტიგმატიზება, როგორც რუსეთის აგენტისა, და მორჩა, მის მიმართ ყველაფერი შეიძლება. ეს არის ზუსტად ის ბოლშევიზმი, ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც დღეს მათ შორის, გარედან წაქეზებით საქართველოში არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები