მაკა ბოჭორიშვილი: ეუთო/ოდირის ანგარიშიც მოწმობს, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი, კითხვის ნიშნები დაისვას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით

გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელსაც ამდენი კვირაა, თუ უკვე თვეა, ელოდა ქართული საზოგადოება და, რომელიც სრულყოფილად აფასებს წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„ძირითადად, ის ემთხვევა იმ დებულებებს, რაც უკვე გაჟღერებული იყო ეუთო/ოდირის მიერ წინასწარ, როდესაც შეფასდა არჩევნების შემდგომ თავად არჩევნები და მოვისმინეთ, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ამ დასკვნაში არის უფრო ფართოდ მოცემული ის რეკომენდაციები, რაც ხელისუფლებას მიეცა იმისათვის, რომ ვიმუშაოთ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც დაფიქსირდა არჩევნების პერიოდში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, დასკვნაში ხაზგასმულია, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველას ჰქონდა, კარგად იყო ორგანიზებული თავად არჩევნების დღე და თავად არჩევნების ორგანიზებაც საკმაოდ პოზიტიურად არის შეფასებული.

„ბუნებრივია, ამ დასკვნებში აისახება ყველა პოზიცია, რაც ფიქსირდება არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს, თუ არჩევნების შემდგომ და რა თქმა უნდა, ჩვენთვის არც სიურპრიზია და არც გასაკვირი, რომ მასში ასახულია ის პოზიციები, რაც ფიქსირდებოდა ოპოზიციის მხრიდან. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, როგორი იყო წინასაარჩევნო პერიოდი, თავად არჩევნების დღე და არჩევნების შემდგომი პერიოდი. ოპოზიციისთვის არასდროს ყოფილა მიზანი ამ არჩევნებში კეთილსინდისიერად მონაწილეობა და არჩევნების შედეგების აღიარება. მთელი მათი ქმედებები მიმართული იყო სწორედ იქითკენ, რომ არჩევნების დისკრედიტაცია მოეხდინათ, ამ პროცესის დისკრედიტაცია მომხდარიყო და არჩევნების შემდგომ დაესვათ კითხვის ნიშნები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, თუმცა ეს ანგარიშიც მოწმობს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, ასეთი კითხვის ნიშნები არსებობდეს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც მასიურად, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფლად გამოეხატათ ნება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს ჰკითხა, რატომ აცხადებს ISFED-ის ხელმძღვანელი, რომ ეუთო/ოდირს ასეთი მწვავე დასკვნა ამ დრომდე არ ჰქონია, რაზეც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოება ამ პერიოდშიც ძალიან კარგად ხედავს, როგორ ხდება მესამე სექტორის უმეტესი ნაწილის პოზიციების თანხვედრა ოპოზიციური პარტიების პოზიციებთან და ეს გასაკვირი არ არის.

„აქ ჩვენ გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაუფარავად მონაწილეობდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში და დაუფარავად იყვნენ იმ პოლიტიკური პროცესის მონაწილეები, რომლის მონაწილეც უნდა ყოფილიყო მხოლოდ პოლიტიკური პარტიები. შესაბამისად, მათ ნეიტრალურობასა და მიუკერძოებლობაზე ნამდვილად არსებობს კითხვის ნიშნები ჩვენ საზოგადოებაში, ვგულისხმობ ფართო საზოგადოებას და არა იმ საზოგადოებას, რასაც თავად ეძახიან, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას პირველ რიგში, ახდენენ მოქალაქეები, როდესაც ისინი მიდიან არჩევნებზე და საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავენ.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ 2 200 000-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ეს არის უკვე ლეგიტიმაცია იმის, რომ არჩევნები ჩატარდა. როდესაც ასეთი რაოდენობის მოქალაქე მიდის არჩევნებზე და ხმას აძლევს, რა თქმა უნდა, ეს არის შეუძლებელი, რომ ამ ადამიანების პოლიტიკური ნება, რაც გამოიხატა, უგულებელყოს, ან უარყოს ვინმემ. ცხადია, შედეგებიც ვნახეთ. კითხვის ნიშნები ამ შედეგებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ ხმების დათვლასთან დაკავშირებით სწორად იყო თუ არა წარმოჩენილი ის რაოდენობა, ხომ ყველაფერზე სვამენ კითხვის ნიშანს, თუმცა არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ კითხვის ნიშანი დავსვათ. ფარულობა მოიგონეს საკმაოდ გვიან. იმ დღეს არავის არ უთქვამს, რომ ეს შეიძლებოდა, პრობლემა ყოფილიყო, არავის გამოუხატავს წუხილი, რომ ეს შეიძლებოდა, პრობლემური ყოფილიყო, ან რაღაცნაირად, დარღვეული ყოფილიყო ხმის ფარულობა. ჩვენ ვიცით, როგორც იყო, არჩევნების დღეს ელექტრონულად როგორ ხდებოდა ბიულეტენის მოთავსება მანქანაში და როგორ ხდებოდა ხმის დათვლა. შემდგომ უკვე, ეს ხელოვნურად შექმნილი ხმაური ფარულობასთან დაკავშირებით მიმართული იყო იქითკენ, რომ კიდევ ერთხელ მომხდარიყო დისკრედიტაცია სწორედ საარჩევნო პროცესის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ეს არცერთ ანგარიშში არ მოხვედრილა, რა დოზითაც ხმაურობდნენ ფარულობასთან დაკავშირებით, რომ შეიძლებოდა, ამ პრობლემას გარკვეული კითხვის ნიშნები გაეჩინა არჩევნების შედეგებთან, ან ზოგადად, არჩევნების ვალიდურობასთან დაკავშირებით.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ზოგადად, არ არსებობს ეუთო/ოდირის ასი პროცენტით პოზიტიური დასკვნები.

„შეგიძლიათ, ნახოთ ნებისმიერ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების დასკვნა, სადაც ეუთო/ოდირი აკვირდება არჩევნებს. ნახავთ, რომ ყველგან არის რეკომენდაციები და ყველგან არის გარკვეული გამოწვევები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები