ლევან მახაშვილი: ოპოზიცია რომ ამ პროცესის მიმართ დესტრუქციას მოაწყობდა, ალენ ბერსეს ვიზიტის დაწყებისას ჩანდა

“ოპოზიცია რომ ამ პროცესის მიმართ ყველანაირ დესტრუქციას მოაწყობდა, ამ ვიზიტის დაწყებისას ჩანდა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მახაშვილმა დიალოგთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, გასაკვირი არ იქნება, თუ ამ ადამიანს უახლოეს მომავალში შერაცხავენ, როგორც რუსეთის აგენტს და რუსეთუმეს.

„იმის მოლოდინი და სურვილი გვქონდა, რომ საქართველოში ევროპის საბჭოს მდივნის ვიზიტი ხელს შეუწყობდა იმას, რომ ქვეყანაში პროცესები ჯანსაღ გარემოში და პროცესში დაბრუნებულიყო. ეს იმედი და მოლოდინი ჯერჯერობით მართლდება, თუმცა ეს პროცესის დასასრული არ არის. მისი ვიზიტით პირველი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ საჭირო მხარეებს შორის დიალოგი შედგეს და პროცესი ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდეს. ამ თვალსაზრისით მხარი დავუჭირეთ მის სურვილს, რომ დიალოგი დაწყებულიყო. მზად ვართ, რომ ეს დიალოგი ამავე შემართებით გავაგრძელოთ. ოპოზიციის სტრატეგიაა, რომ ყველანაირი შესაძლებლობა და გზა დახურონ დიალოგისკენ, რათა მაქსიმალურად მოხდეს ხელისუფლების თუ არჩევნების დელეგიტიმაცია და ყველანაირი საერთაშორისო კომუნიკაცია შეიზღუდოს. რა თქმა უნდა, ისინი გაწბილებული არიან. ოპოზიცია რომ ამ პროცესის მიმართ ყველანაირ დესტრუქციას მოაწყობდა, ამ ვიზიტის დაწყებისას ჩანდა. სამწუხაროდ, არ გაგვიკვირდება, თუ ამ ადამიანს უახლოეს მომავალში შერაცხავენ, როგორც რუსეთის აგენტს და რუსეთუმეს. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ამისთვის მზად ვარ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ საქართველოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია, რომ გახსნას დიალოგი და ჩაერთოს მასში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები