დავით მათიკაშვილი: ოპოზიციას ყველაფერი კონსტრუქციული, პოზიტიური და დიალოგის რეჟიმში გადასული აღიზიანებს
“ოპოზიციას ყველაფერი კონსტრუქციული, პოზიტიური და დიალოგის რეჟიმში გადასული აღიზიანებს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა დიალოგთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, ოპოზიციის დღის წესრიგი, დესტრუქციით და ძალადობითაა სავსე.
„ალენ ბერსე შეხვდა ყველა მხარეს და საკუთარი პოზიციები საკმაოდ ღიად და მკაფიოდ დააფიქსირა. ოპოზიციას ყველაფერი კონსტრუქციული, პოზიტიური და დიალოგის რეჟიმში გადასული აღიზიანებს. ოპოზიციის დღის წესრიგი, რეალურად სავსეა დესტრუქციით, ძალადობით. მათ მსჯელობის დონეზეც კი არ სურთ იმის დაშვება, რომ შესაძლებელია, ევროპული მხარის ინიციატივით კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანონ საკუთარი ქმედებები. ხელისუფლების კარი გახსნილია. ის არის სამართლიანი, დამყარებულია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, მის შედეგებზე და იმ ლეგიტიმაციაზე, რომელიც 1 მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მისცა დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებას. ამისი გააზრება და აღქმაა საჭირო ყველა მონაწილე მხარის მხრიდან, მათ შორის, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდან და შემდეგ ურთიერთობების გაგრძელდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ საქართველოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია, რომ გახსნას დიალოგი და ჩაერთოს მასში.