საფრანგეთის პრეზიდენტი ევროსაბჭოს სხდომას არ დაესწრება, რადგან ის ციკლონით დაზარალებულ მაიოტაში მიემგზავრება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიუსელში 19 დეკემბერს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომას არ დაესწრება, რადგან ის მიემგზავრება მაიოტაში, ინდოეთის ოკეანეში მდებარე საფრანგეთის კუნძულზე, რომელსაც თავს ტროპიკული ციკლონი დაატყდა.

ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ მაკრონს ევროკავშირის სამიტზე მისი გერმანელი კოლეგა ოლაფ შოლცი წარადგენს.

შეგახსენებთ, ტროპიკული ციკლონი „ჩიდო“ მაიოტას 14 დეკემბერს დაატყდა თავს, რამაც დიდი ზიანი მიაყენა როგორც მოსახლეობას, ისე ინფრასტრუქტურას. ბოლოს გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, 22 ადამიანი დაიღუპა, 1 373 კი დაშავდა. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა, რამდენიმე ათასს მიაღწიოს.

ციკლონმა ასევე ზიანი მიაყენა საკომუნიკაციო შესაძლებლობებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სატელეკომუნიკაციო ქსელი ტერიტორიის 80%-შია მიუწვდომელი, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციის შეფასებას.

მაიოტა ამჟამად წყლის, საკვებისა და საწვავის დეფიციტს განიცდის, ამასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მზად არის, კოორდინაცია გაუწიოს სასწრაფო დახმარებას ევროპიდან.

მაკრონმა ქვეყნის მასშტაბით გლოვის დღე გამოაცხადა, რომლის ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები