გიორგი ვოლსკი – სალომე ზურაბიშვილზე: მისი განცხადების გულწრფელობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა
“გამოდის და გამოხატავს ისეთი ადამიანების პოზიციას, რომლებსაც მისთვის არასდროს არ მიუციათ ხმა და უშვერი სიტყვებით ლანძღეს რომელ პლატფორმაზეც იყო ეს შესაძლებელი. მისი განცხადების გულწრფელობა არის სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტად იწოდები, ნებისმიერი ტრიბუნიდან ხალხზე, შენი ქვეყნის ინტერესებზე უნდა ილაპარაკო.
„საქმე ისაა, რომ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული ადამიანისთვის არცერთ იმ პოლიტიკურ ჯგუფს და იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს არ მიუციათ ხმა თავის დროზე, არჩევნების დროს. იგი გამოდის და გამოხატავს ისეთი ადამიანების პოზიციას, რომლებსაც მისთვის არასდროს არ მიუციათ ხმა და უშვერი სიტყვებით ლანძღეს რომელ პლატფორმაზეც იყო ეს შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ეს სტანდარტი, მისი განცხადების თვითონ გულწრფელობა არის სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ. ხალხი ჰგონია მხოლოდ ისინი, ვინც მას აგინებდა, ლანძღავდა და სულ ცოტა მხარს არ უჭერდა, თუ ხალხი მისთვის არის ის, ვინც მას არათუ მხარი დაუჭირა, არამედ გვერდით დაუდგა არჩევნების დროსაც და შემდგომ სანამ ის თავად არ შეიცვლიდა პოზიციას. იქნებ ჯობდა ორივე ნაწილზე – ოპოზიციაზეც და უმრავლესობის მხარდამჭერებზეც ერთნაირად ესაუბრა და ხალხი არ დაერქმია მხოლოდ იმ ნაწილისთვის, რომელიც მას დღეს მიაჩნია გადამწყვეტ მასად, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი სახელმწიფო. ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ის საზოგადოება, რომელმაც უფრო მცირე რაოდენობით მიიღო ხმა. გაყალბებული არჩევნების თემა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, სიცრუე, რომელსაც შეიძლება, ამავე დროს, თაღლითობა დავარქვათ. ანუ, როდესაც გამოდიხარ და პრეზიდენტად იწოდები ნებისმიერი ტრიბუნიდან, რასაკვირველია, ხალხზე უნდა ილაპარაკო ზოგადად, ამ ხალხის განწყობებზე და შენი ქვეყნის ინტერესებზე და არა გვარამიას, მელიას თუ ხაბეიშვილის ინტერესებით საუბრობდე და ხელმძღვანელობდე“, – განაცხადა ვოლსკიმ.