ევროკავშირმა TikTok-ის წინააღმდეგ რუმინეთის არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

„ტიკ ტოკის“ მიერ ციფრული სერვისების შესახებ კანონის შესაძლო დარღვევაზე, ევროკომისიამ პლატფორმის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო.

გამოძიების მიხედვით, სოციალური მედიის პლატფორმამ, შესაძლოა, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული რისკების გამკლავების პროცესში ევროკავშირის ციფრული წესდება დაარღვია.

24 ნოემბერს გამართულ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე დამოუკიდებელი პრორუსი კანდიდატი, კალინ ჯორჯესკუ გავიდა. ის კამპანიას ძირითადად სოციალურ ქსელ TikTok-ზე აწარმოებდა. მოგვიანებით არჩევნების შედეგები რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა. ამის მიზეზად რუსეთის ჩარევა დასახელდა. მედიის ცნობით, რუსეთის ჩარევა „ტიკ ტოკის“ დახმარებით მოხდა და მტკიცებულებები სასამართლოს სპეცსამსახურებმა წარუდგინეს.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატის კალინ ჯორჯესკუს სარეკლამო რგოლები „ტიკ ტოკზე“ ბოტებისა და ყალბი ანგარიშების მეშვეობით ვრცელდებოდა.

TikTok-ი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კომპანიამ ევროკომისიას ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა იმ ძალისხმევის შესახებ, რასაც პლატფორმა არჩევნების პერიოდში არსებულ რისკებთან გასამკლავებლად ეწევა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, TikTok-ს მოუწევს ხარვეზების გამოსწორება, ან ჯარიმის სახით წლიური გლობალური მოგების 6%-ის გადახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები