იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა.
“ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა არის არა იმ კუთხით, რომ რაღაც კონკრეტული ფინანსური კომპენსაცია აღსრულდება თუ არ აღსრულდება, საქართველოსთვის ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ეს დოკუმენტი, სხვა წინა გადაწყვეტილებებთან ერთად, გახდება საფუძველი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის და დევნილების საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების, როდესაც ამის შესაბამისი დრო დადგება.
კომპენსაციის აღსრულებას რაც შეეხება, საზოგადოებისთვის ცნობილი არის რომ რუსეთის ფედერაცია გარიცხულია ევროსაბჭოდან. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა, ართულებს მის წინააღმდეგ დაკისრებული გადაწყვეტილებების აღსრულებას. თუმცა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში ყველა წევრი სახელმწიფო, საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები მუშაობენ იმ მექანიზმებზე თუ როგორ შეიძლება მოხდეს რუსეთისთვის დაკისრებული გადაწყვეტილებების აღსრულება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და საქართველოც რა თქმა უნდა, ამ პროცესში არის აქტიურად ჩართული. უკვე კონკრეტული იდეები არის შემუშავებული, ინიციატივები არის შემუშავებული და ევროსაბჭო ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ გზას აირჩევს“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.