“ევროკავშირის საბჭო კვლავ გამოხატავს მტკიცე მოლოდინს, რომ საქართველო მნიშვნელოვნად გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებსა და შემზღუდავ ზომებთან სრული შესაბამისობის მისაღწევად” – ევროკავშირის საბჭო ანგარიშს აქვეყნებს

ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტში რამდენიმე თავი საქართველოს ეთმობა.

როგორც ანგარიშში წერია, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლება და თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან.

საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლება და თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იქნეს გამოძიებული, ხოლო პასუხისმგებელი პირები – დასჯილი.

საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას და მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რაც შეესაბამება ევროპული ინტეგრაციის ძირითად პრინციპებს. საბჭო ხაზს უსვამს იმ ცხრა ნაბიჯის განხორციელების მნიშვნელობას, რომლებიც მოცემული იყო კომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ კომუნიკაციაში.

“საბჭო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების სფეროებში უკუსვლის გამო. საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობის და პლურალიზმის, აგრეთვე LGBTI პირთა უფლებების.

საბჭო სერიოზული შეშფოთებით აღნიშნავს OSCE/ODIHR-ის წინასწარ დასკვნებს, რომლებიც მიუთითებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა რამდენიმე ხარვეზითა და დაძაბული, უაღრესად პოლარიზებული გარემოთი. დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების პირობების გაუმჯობესების მიზნით, საბჭო მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს, გამოიძიოს და განიხილოს საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები, განიხილოს ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოების რეკომენდაციები. ასევე იხსენებს, რომ ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა არის ცხრა ნაბიჯის ნაწილი.

საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს კონკრეტული ქმედებები მზარდი პოლარიზაციის დასაძლევად და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება კიდევ უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა, როგორიცაა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა და დეზინფორმაცია.

საბჭო წუხილს გამოთქვამს სასამართლო სისტემის ფუნქციონირების უკან დახევისა და ზოგადად ინსტიტუტების დამოუკიდებლობის მზარდი ნაკლებობის გამო. ჯერ კიდევ საჭიროა არსებითი ძალისხმევა სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმისთვის, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. არანაკლებ მნიშვნელოვანია კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ძლიერი გამოცდილების შექმნა და დეოლიგარქიზაციის ქმედებების განხორციელება.

ეკონომიკურ კრიტერიუმებთან დაკავშირებით საბჭო აღნიშნავს მომზადების საშუალო დონეს და შეზღუდულ პროგრესს მოქმედი საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში. საბჭო მიესალმება ჯანსაღი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხორციელების გაგრძელებას და მოუწოდებს საქართველოს, გააძლიეროს ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა და განახორციელოს სხვა აუცილებელი სტრუქტურული რეფორმები“, – წერია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

“საბჭო კვლავ გამოხატავს მტკიცე მოლოდინს, რომ საქართველო მნიშვნელოვნად გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან და შემზღუდავ ზომებთან სრული შესაბამისობის მისაღწევად, როგორც უმთავრესი პრიორიტეტი, მათ შორის რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ მიღებული ზომების ჩათვლით, ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად. საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პოზიციების საწინააღმდეგო ქმედებებისა და განცხადებებისგან. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს თანამშრომლობა ევროკავშირის შემზღუდავი ზომების გვერდის ავლის პრევენციის მიზნით”, – ნათქვამია ამავე ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები