“ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ შეიცვლება რიტორიკა; ყველას ექნება ვალდებულება, აღარ აფათუროს ხელები საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ” – გორდულაძე
“განცხადებას, რომელიც ყოვლად უსაფუძვლო და დამაშანტაჟებელია, საქართველოს მთავრობამ გასცა ღირსეული პასუხი, ისეთი პასუხი, როგორსაც ქართველი, ღირსეული საზოგადოება იმსახურებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებაზე ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების გადაწყვეტილებას.
„საქართველოს მთავრობა, მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვერ გააკეთებდა იმ განცხადებას და ვერ ეტყოდა იმ პოლიტიკურ სიმართლეს, რასთანაც გვაქვს საქმე. ყველასთვის ცნობილია, რომ არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებსაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული გავლენა სხვადასხვა ინსტიტუციაზე, სხვადასხვა ქვეყანაზე და ბიუროკრატიის წარმომადგენლებზე. ესენი არიან ძალები, რომლებსაც სურთ, თავიანთი მიზნების მისაღწევად, მათ შორის გამოიყენონ ისეთი ბერკეტები, რომლებიც პირდაპირ დაშანტაჟებას გულისხმობს. ესენი არიან ძალები, რომლებმაც, სხვათა შორის, დავალება მისცეს მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს და პირდაპირი მნიშვნელობით ეს ადამიანები ჩაერთნენ აგვისტოს ომში. ესენი არიან ძალები, რომლებმაც ესკალაციას შეუწყვეს ხელი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ახლაც ყველანაირად ცდილობენ, რომ ესკალაციის დონემ არ დაიწიოს და რაც შეიძლება გაგრძელდეს ის უბედურება, რომელიც ჩვენს მოძმე უკრაინაში მიმდინარეობს. სწორედ ამ ძალებს აქვთ მიზნად დასახული, როგორც ლიეტუვასა და ესტონეთში ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები და თავიანთი აგენტურების მეშვეობით ცდილობენ, მართონ ქვეყნები, ზუსტად იგივე აგენტურის წარმომადგენლები მოიყვანონ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში. ეს ყველაფერი არ გამოსდით და ზუსტად ამიტომ არის, რომ უფრო მკაცრდება მათი უსაფუძვლო განცხადებები, რასაც ექნება ბოლო მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდება პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია და ადმინისტრაცია შეიცვლება, დასრულდება ის უბედურება, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. ამ ყველაფრის შემდეგ ვნახავთ აბსოლუტურად შეცვლილ რიტორიკას და დამოკიდებულებას, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის წინაშე, ყველას ექნება ვალდებულება, პატივი სცეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას და ნებას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და აღარავინ აღარ ჩაერიოს ჩვენს სუვერენიტეტში, აღარ აფათუროს ხელები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა გორდულაძემ.