გურამ მაჭარაშვილი – რადიკალებზე: მართალია, ისინი ცოტანი არიან, მაგრამ რატომღაც სჯერათ, რომ ბევრნი არიან, თან საზოგადოების მიმართ არანორმალური აგრესია აქვთ
„პარტია „ხალხის ძალის” გენერალური ხაზი იყო და იქნება, ის რომ არ შეიძლება კომპრომისი დაუშვა საქართველოს სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესების, რწმენის და ტრადიციების განადგურების ხარჯზე. სწორედ ეს აგიჟებს საქართველოში უცხოური ძალის წარმომადგენლობას და აგენტურას,” – განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატი ოპოზიციას მარგინალურ ძალად მოიხსენიებს და მათი პოლიტიკიდან ჩამოცილების პირობას დებს.
„ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამხელთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში არსებულ უცხოურ ძალას, რომელიც ამერიკელი და ევროპელი საზოგადოების გადაწყვეტილებით ახლა უკვე იცვლება. ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ მათთან კომპრომისი დაუშვებელია. „ხალხის ძალის” გენერალური ხაზი იყო და იქნება ის, რომ არ შეიძლება კომპრომისი დაუშვა საქართველოს სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესების, რწმენის და ტრადიციების განადგურების ხარჯზე. სწორედ ეს აგიჟებს საქართველოში უცხოური ძალის წარმომადგენლობას და აგენტურას. ლანძღავენ ეკლესიას, მღვდლებს. მსახურების დროს შეუვარდნენ მამა შალვას, რომელიც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას უყვარს და მიაყენეს შეურაცხყოფა. დაწვეს ეროვნული ნაკრების მაისური, რაზეც საქართველოს გერბი იყო გამოსახული.
დღეს ეს ხალხი ლიბერალების სახელით, ლიბერალურ ფაშიზმს ახორციელებს. მართალია ისინი მცირედნი არიან, მაგრამ რატომღაც სჯერათ, რომ ბევრნი არიან. მათ საზოგადოების მიმართ არანორმალური აგრესია აქვთ. რა თქმა უნდა, ეს პროცესები აუცილებლად გახდება მილევადი, იმიტომ, რომ ბოროტება სიკეთეზე ვერასდროს გაიმარჯვებს. ეს მარგინალური ძალა, რომელსაც ვერ უწოდებ ოპოზიციას აუცილებლად ჩამოსცილდება ქართულ პოლიტიკას,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.