ნანა კაკაბაძე – „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: ეს სწორედ ქუჩაში მიმდინარე პროცესებს წაადგება და არა იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება ატარებს
“ეს სწორედ ქუჩაში მიმდინარე პროცესებს წაადგება და არა იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება ატარებს”, – ასე შეაფასა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა.
„თავდასხმა [„ტვ პირველის“] ჟურნალისტზე იმაზე მეტყველებს, რომ არის მხარე, რომლის ინტერესებშიც არის სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა, ესკალაციის კულმინაცია. როდესაც დანაშაული ხდება, ყოველთვის დამნაშავის კვალზე გადიან იმის მიხედვით, თუ ვის შეიძლება აწყობდეს ესა, თუ ის დანაშაული. ჟურნალისტზე თავდასხმა ხელისუფლებას არ შეიძლება რომ აწყობდეს, კიდევ უფრო გაამწვავოს და დაძაბოს საკუთარ მოქალაქეებში ის განწყობები, რომელიც ქუჩაში ხელოვნურად არის შექმნილი. ეს [თავდასხმა] სწორედ ქუჩაში მიმდინარე პროცესებს წაადგება და არა იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. ცალსახად ეს არ არის ხელისუფლების ინტერესებში“, – აღნიშნა კაკაბაძემ.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.