საზოგადოება ისევ „კაი ბიჭის“ მენტალიტეტით ცხოვრობს – იაგო სილაგავა
სოციალურ ქსელში, ვრცელდება შსს-ს თანამშრომლის განცხადება, რომელიც მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. იაგო სილაგავა თავის გულისტკივილს საზოგადოებას უზიარებს:
„მე პოლიციელი ვარ! ვამაყობ ჩემი პროფესიით.
მერე რა, თუ საზოგადოება ტალახს გვესვრის. ჩვენ მაინც ვმუშაობთ მათთვის.
მერე რა, თუ საზოგადოება ყოველთვის გვლანძღავს, ჩვენ მაინც ვათენებთ ღამეებს მათთვის.
მერე რა, თუ საზოგადოება საკუთარ შვილებს ჩვენი ზიზღით ზრდის, ჩვენ მაინც ვიცავთ ჩვენს მომავალ თაობას!
ჩვენ ვმუშაობთ, ვათენებთ ღამეებს, ერთს არა – ზოგჯერ ორს და სამ ღამეს ერთად!
მერე რა, თუ სამ დღე-ღამეში მარტო 5 წუთი გვძინავს და საჭმელი საერთოდ არ გვაქვს ნაჭამი, ჩვენ მაინც ვმუშაობთ!
ვიძიებთ, ხო ვიძიებთ, ძალიან გვიჭირს და იცით რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოება ისევ „კაი ბიჭის“ მენტალიტეტით ცხოვრობს. კი დაინახა როგორ მოიპარეს, როგორ სცემეს, როგორ დაჭრეს, როგორ მოკლეს, მაგრამ კაი ბიჭია და ვერ ჩაუშვებს!
ჩვენ მარტო კრიმინალს არა, საზოგადოების კაი ბიჭურ მენტალიტეტსაც ვებრძვით! მაინც ვმუშაობთ, ვეძებთ დაკარგულ ადამიანებს, დაკარგულ ნივთებს, დაკარგულ საქონელს! ხო საქონელსაც,ზოგჯერ მეორე დღეს, ღამენათევი, ჩვენი ინიციატივით ვეძებთ, იმიტომ, რომ გვეცოდება საქონლის პატრონი, ქვრივია და სამი შვილი ჰყავს სარჩენი!
ვეძებთ და ვპოულობთ!
მადლობა? მადლობას იშვიათად გვეუბნებიან. უჭირთ ძალიან. ხანდახან გვეუბნებიან… აი, ახლოს რომ გვნახონ, როგორ ვწვალობთ იმ საზოგადოებისათვის, რომელიც ტალახს გვესვრის. შენ გუშინწინ აქ არ იყავი? გუშინაც აქ იყავი და დღესაც აქ ხარ? ხო აქ ვართ! აქ. ვმუშაობთ! ვმუშაობთ სიცხეში, სიცივეში, ყინვაში, წვიმაში! ჩვენ გვშია, გვცივა, გვეძინება, მაგრამ მაინც ვმუშაობთ საზოგადოებისათვის, იმიტომ, რომ ფიცი გვაქვს დადებული სამშობლოს წინაშე! მადლობაც გვეუცხოება, თავს ვხრით და ვწითლდებით! არ ვართ შეჩვეული.
მე პოლიციელი ვარ და ვამაყობ ჩემი პროფესიით! მადლობა ჩემს კოლეგებს! ჩვენ ყველა ერთად ჩვენს ქვეყანას და ხალხს ვემსახურებით!“, – ამის შესახებ იაგო სილაგავა სოციალურ ქსელში წერს.