დავით კალანდია: ვიღაც მსახიობი გივიკო გაიფიცა! მაინტერესებს, მსახიობის გაფიცვის ფორმა როგორ წარმოებს?

ვიღაც მსახიობი გივიკო გაიფიცა! – მაინტერესებს, მსახიობის გაფიცვის ფორმა როგორ წარმოებს? – ამის შესახებ პუბლიცისტი დავით კალანდია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მსახიობები არ უნდა იფიცებოდნენ.

„ვიღაც მსახიობი გივიკო გაიფიცა!

გივიგო, გივიკუნა, გივიჩკა, გივჩიკ, გივიანდრი…

ჰო, მე არ ვიცნობ ამ მსახიობს, მაგრამ ეს ჩემი პრობლემაა.

ამ ბოლო დროს სულ კაბინეტში ვზივარ, თეატრებსა და კინოებში იშვიათად დავდივარ, თორემ აუცილებლად მეცოდინებოდა მსახიობი გივიკო.

მაინტერესებს, მსახიობის გაფიცვის ფორმა როგორ წარმოებს?

წარმოვიდგინე:

თეატრში მიდის სპექტაკლი – ოიდიპოს მეფე, ანუ მეფე ოიდიპოსი.

და ყველა მსახიობი მსახიობობს, თამაშობს, მიზანსცენობსა და მამაცხონებლობს, და ამ დროს მსახიობი გივიკო, რომელსაც ოიდიპოსის ცხენის როლი აკისრია, ყველაზე დაძაბულ მომენტში ჩერდება, მოიხსნის უნაგირს, ხმამაღლა ამბობს: “და მე კი ევროპაში მივდივარ! მომყევით, ვინც პირველი, იმან ბოლოს”,

და მიდის.

პირდაპირ ევროპაში, ლელოს გავლით.

და დასი კი რჩება გაღიმებულიყო.

ასევე გაღიმებული რჩება მაყურებელი, მებილეთე კლავა დეიდა, მეგარდერობე ბიძია მიშა და მებუფეტე კოლია, რომელსაც ანტრაქტის დროს, სახლიდან მოტანილი ჭაჭის გაყიდვა უნდოდა და ახლა ვერ შეძლებს.

ანუ იზარალებს.

მოკლედ, სრული კატასტროფა და აურზაური.

არა, ასე არ შეიძლება.

მსახიობები, მითუმეტეს კი გივიკოები, არ უნდა იფიცებოდნენ.

თუმცა ზოგი ფიცი მარგებელია და გივიკოს ადგილზე მოვა ვაჟიკო, ზურიკო, ალიკო ანდა ბოლოს და ბოლოს მეგარდერობე ბიძია მიშა, რომელიც ახალგაზრდობაში კოტე მარჯანიშვილთან მუშაობდა და ბატონ კოტესთვის ლუდზე დარბოდა. ანუ პროფესიაშია…“, – წერს დავით კალანდია Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები