სახალხო დამცველი მუსლიმთა პანსიონთან დაკავშირებით აჭარაში ვიზიტს გეგმავს

საქართველოს სახალხო დამცველი ქობულეთში, მუსლიმთა პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების ადგილზე შესასწავლად, მომავალ კვირაში აჭარაში ვიზიტს გეგმავს.
უჩა ნანუაშვილი შესაბამის უწყებებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2014 წლის 10 სექტემბრის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული არაერთხელ იმყოფებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სადაც შეხვდა და გაესაუბრა ადგილობრივ მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას.
“საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ მართლმადიდებელი მოსახლეობა ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ მისამართზე მუსლიმ ბავშვთა პანსიონის გახსნას. 2014 წლის 10 სექტემბრის შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ლერმონტოვის ქუჩა N13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმანენტულად მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მუსლიმთა პანსიონის გახსნასთან დაკავშირებით. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები, თუმცა, მუსლიმთა მიერ პანსიონში გადაადგილება შეზღუდულია. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტებებით, 2014 წლის 15 და 16 სექტემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ადგილობრივი მუსლიმები იმყოფებოდნენ შენობაში და მათ აქციის მონაწილეები არ აძლევდნენ შენობის დატოვების შესაძლებლობას. ხოლო მოსწავლეებს პანსიონში არ უშვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე დღეს პანსიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და აკვირდებოდნენ საპროტესტო აქციის მიმდინარეობას, მათ არ უზრუნველყვეს აქციის მონაწილეების განცალკევება იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, მოსწავლეები შესულიყვნენ პანსიონში ან/და მეორე მხრივ, შენობაში მყოფ პირებს მისცემოდათ შენობის დატოვების შესაძლებლობა. ამასთან, სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მიუხედავად ადგილობრივ მუსლიმებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმებისა, რომ პანსიონში დარჩენილ პირებს დაუბრკოლებლად მიაწოდებდნენ საკვებს, ეს პირობა არ სრულდება და მუსლიმებს ექმნებათ პრობლემები პანსიონში მყოფი პირებისთვის საკვების მიწოდების თვალსაზრისით. 28 სექტემბერს ადგილობრივ მოსახლეობასა და მუსლიმებს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. საქართველოს სახალხო დამცველისათვის ცნობილია, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მუსლიმ მოსახლეობას შორის, მუსლიმ ბავშვთა პანსიონის სხვა მისამართზე გახსნასთან დაკავშირებით, თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სახალხო დამცველის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებულ ვითარებაში მხარეთა შორის დიალოგით შემოფარგვლა საკმარის პირობას არ წარმოადგენს სიტუაციის განმუხტვის, მუსლიმთა შელახული უფლებების აღდგენის, დისკრიმინაციის დაძლევისა და შეუწყნარებლობის პრევენციისათვის. რელიგიის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული ადამიანის ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლებაა. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, გაუმართლებლად არ ხელყოს ამა თუ იმ პირის რელიგიის თავისუფლება, ის ასევე ვალდებულია გაატაროს ქმედითი ზომები, რათა ყველას მიეცეს ამ უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა. საქართველოს სახალხო დამცველმა 10 სექტემბრიდან დღემდე მუსლიმთა პანსიონის შესახებ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიმართა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სსიპ რელიგიის საკითხთა სააგენტოს. სახალხო დამცველი იმედოვნებს რომ შესაბამისი უწყებებიდან დასმულ შეკითხვებზე ამომწურავ პასუხს მიიღებს. 10 სექტემბრის შემდგომ ქობულეთში მოვლენების განვითარება და მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესი მიანიშნებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, მათ შორის, მნიშვნელოვანია დადგეს რელიგიური შეუწყნარებლობის მსგავსი აგრესიული ფორმით გამომხატველ პირთა ადეკვატური სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები