“ომბუდსმენმა დადებითად შეაფასა უწყებებთან თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა და ფემიციდის მონიტორინგის მეთოდოლოგიათა მაქსიმალურად დაახლოება” – სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს

26 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა – ლევან იოსელიანმა, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, კონფერენცია გამართა თემაზე – ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი: 2022 წელს მომხდარი საქმეების ანალიზი.

ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის, დროული გამოვლენისა და შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების, მათ შორის, რეგიონებში ძალადობის მსხვერპლთათვის სერვისებზე მისაწვდომობისა და ინფორმირებულობის მიმართულებით ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

“აღნიშნა, რომ ფემიციდის ძირითად მიზეზად კვლავ საზოგადოებაში ქალების როლის შესახებ სტერეოტიპული შეხედულებები და დისკრიმინაცია რჩება.

მიმოიხილა, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა, რომელიც 2016 წლიდან აანალიზებს ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების, მკვლელობის მცდელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეებს, გამოკვეთს ხარვეზებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.

დადებითად შეაფასა უწყებებთან თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა და ფემიციდის მონიტორინგის მეთოდოლოგიათა მაქსიმალურად დაახლოება. თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ საკანონმდებლო და ინსტიტუციური პროგრესის მიუხედავად, რიგ საქმეებში, როგორც გამოძიების, ისე სასამართლო ეტაპზე კვლავ პრობლემურია გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის სახელდება, ხოლო ქალთა მკვლელობის/მცდელობების მაღალი რიცხვი პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები არასაკმარისობაზე მიუთითებს.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში თამარ საბედაშვილი.

კონფერენციაზე ფემიციდის მონიტორინგის 2022 წლის ანგარიში და ფემიციდის 2019-2022 წლების მონიტორინგის მიერ გამოვლენილი ტენდენციები წარმოადგინეს; ასევე, გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულების პრევენციის გზებზე იმსჯელეს სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

ღონისძიება სახალხო დამცველის აპარატმა შვედეთის მიერ მხარდაჭერილ პროექტთან „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისათვის“ (UNJP4GE) თანამშრომლობით გამართა”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები