მაკა სახურია: ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა ცვლილებები შეიტანა ქართული ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში და ზოგიერთი საქმეში ჩაუხედავი ადამიანი ახლა ამისგან აპოკალიფსს წარმოაჩენს
ქართული ენის პედაგოგი მაკა სახურია 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამიდან ამოღებული ნაწარმოებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა ცვლილებები შეიტანა ქართული ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში და ზოგიერთი საქმეში ჩაუხედავი ადამიანი ახლა ამისგან შეთქმულების თეორიებსა და აპოკალიფსს წარმოაჩენს. ქართული ლიტერატურის პროგრამაში პატრიოტული და ეროვნული თუ პიროვნული თავისუფლების იდეის მატარებელია ყველა ტექსტი. ამ პროგრამაში ისედაც ვერ ხვდებოდა უამრავი შედევრი ქართული მწერლობისა და ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ ეროვნული გამოცდის პროგრამით დაიპროგრამოს თავი და სხვა არაფერი წაიკითხოს. ცენზურასა და ლუკა ისარლოვის პოლიტიკაზე ლაპარაკი სასაცილოა. როცა “მგზავრის წერილებს” ასწავლი, მაგაზე პატრიოტული და ანტირუსული რა უნდა ასწავლო ბავშვებს? კარგია, რომ პროგრამა შემსუბუქდა. მეტისმეტად გადატვირთული იყო და ძლივს სტრესით ასწრებდნენ ბავშვები პროგრამის გავლას. გული მხოლოდ “განდეგილსა” და “ბახტრიონზე” მწყდება, მაგრამ ეგრე ილიასა და ვაჟას კიდევ უამრავი პოემაა წასაკითხი და მხოლოდ საგამოცდო პროგრამას არ უნდა მივეჯაჭვოთ. მე პირადად სკოლაში პროგრამის მიღმა უამრავ ქართულ და უცხოურ ტექსტს ვასწავლი და მკითხველის, ლიტერატურის მოყვარულის უნარ-ჩვევებს სულ ვავითარებთ. ასეა ყველა მასწავლებელი. პრეზიდენტმა დაწერა, აი, ქართველობას გვართმევენო. იქვე ტყულიც გამოურია. “ოთარაანთ ქვრივიც” ამოუღიათო. ჭიქაში ქარიშხალი არ ამოვარდება. ყველა დამშვიდდეს. წიგნიერება ვასწავლოთ ბავშვებს, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარები ვასწავლოთ და ყველა აქტუალურ ტექსტს უჩვენოდაც წაიკითხავენ”,- წერს სახურია.
ცნობისთვის, გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში წერია: “ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება. მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა”.