“როდესაც ოპოზიციას არ ირჩევს ხელისუფლებაში მოსასვლელად ხალხი, ისინი დახმარებას ეძებენ ქვეყნის გარეთ იმ კონკრეტულ ძალებში, რომლებიც არ არიან კეთილგანწყობილნი ქართველი ხალხის მიმართ” – თეა წულუკიანი
“სცენარი არის ერთი და იგივე. როდესაც ოპოზიციას განურჩევლად იმისა, რა ერქვა წარსულში, რა ჰქვია დღეს და როგორი კონფიგურაციით არის, არ ირჩევს ხელისუფლებაში მოსასვლელად ხალხი, ისინი დახმარებას ეძებენ ქვეყნის გარეთ იმ კონკრეტულ ძალებში, რომლებიც არ არიან კეთილგანწყობილნი ქართველი ხალხის და მათი სამშობლოს მიმართ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ისაუბრა.
„მიზანი არის ის, რომ როგორმე ხელისუფლებას ჩამოაშორონ ძალა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც გაბედა და პირველმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაძლო ხელისუფლებაში საკმაოდ დიდხანს და ხმამაღლა თქვა, რომ საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
თუკი ორგანიზაციას ავიღებთ ევროკავშირის სახით და არა რომელიმე კონკრეტულ ევროპულ ქვეყანას, მას აქვს ძალიან ღრმა კრიზისი, პოლიტიკური და მორალურიც. მორალური იმდენად, რამდენადაც მე და ჩემნაირ ევროპაში სკოლა და უნივერსიტეტ დამთავრებულ ადამიანებს გვგონია, რომ ეს ის ევროკავშირი არ არის, რისკენაც დამფუძნებელი მამები მიისწრაფოდნენ თავის დროზე, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დიდი იდეალების და იმედების გარშემო გააერთიანეს საკუთარი ძალები”, – აღნიშნა წულუკიანმა.