კაზლარში მოკლული ახალგაზრდის ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრების დაკავებასაც ითხოვს

   საგარეჯოს რაიონის სოფელ კაზლარში მოკლული ულფუკარ კ.-ს ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის სხვა წევრების დაკავებასაც ითხოვს.
ნათესავების მტკიცებით, ულფუკარი ჯგუფური ცემის მსხვერპლი გახდა და ამ ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს. მათივე თქმით, წყვილს ერთმანეთი წელიწადზე მეტია, რაც უყვარდა და ინფორმაცია, რომ თითქოს მამაკაცი გოგონას მოტაცებას ცდილობდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„გოგონამ ულუფკარს ღამე მესიჯი მიწერა: მამაჩემი სახლში არ არის და წამიყვანეო. ბიჭმა მიაკითხა და მანქანით აპირებდნენ გაპარვას. ამ დროს გოგოს მამა მივიდა. მან ბიჭს ხელ-ფეხი შეუკრა და სახლში შეათრია. სახლში კი მას გოგოს მამასთან ერთად მისი ცოლი და ორი ბიჭი ღამის 12-დან დილის 5 საათამდე ურტყამდა. უკვე გარდაცვლილის ცხედარს კი სიგარეტის ნამწვს აქრობდნენ”, – აცხადებენ ნათესავები.
გარდაცვლილი ულფუკარ კ. უკვე დაკრძალეს. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, დაელოდებიან გამოძიების დასრულებას, შემდეგ კი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.თავად ბრალდებულის ახლობლები მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. ადგილობრივების ცნობით, ისინი სოფლიდან გახიზნულები არიან.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ნოვრუზ ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით საგარეჯოს რაიონის სოფელ კაზლარში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნოვრუზ ქ-მ ღამით, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას ჯოხით სცემა 1993 წელს დაბადებული ულფუკარ კ, რომელიც ფარულად შეიპარა ნოვრუზ ქ-ს საცხოვრებელ სახლში და მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის ცოლობის მიზნით მოტაცებას შეეცადა. ულფუკარ კ. მიყენებული სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნოვრუზ ქ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები