გურამ მაჭარაშვილი: ამ მცირერიცხოვანი ჯგუფის ე.წ. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ერთი ერთში ასრულებენ უცხოური ძალების დავალებებს
დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკისა და ევროპის საზოგადოებების უმრავლესობამ გლობალურ ომის პარტიას უთხრა უარი, ქართულ ლოკალურ ომის პარტიას არაფერი ეშველა.
„ამ მცირერიცხოვანი ჯგუფის ე.წ. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ერთი ერთში ასრულებენ უცხოური ძალების დავალებებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათი ქვეყნებთან ურთიერთობების გადატვირთვა დაწყებულია.
ვიცით, რომ ამერიკისა და ევროპის საზოგადოებების უმრავლესობამ გლობალურ ომის პარტიას რეალურად უთხრა უარი, თუმცა აქაურ, ქართულ ლოკალურ ომის პარტიას არ ეშველა არაფერი. უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის ამომრჩეველმა კარგად დაინახა, რომ ეს ხალხი ემსახურება მხოლოდ უცხოურ ძალას. რამდენიმე ათეულ ადამიანს აქვს ამბიცია, რომ ასეულობით ადამიანს დისკომფორტი შეუქმნას და თავის ჭკუაზე ატაროს. მათ ასე ესმით დემოკრატია. ვხედავთ, რომ არჩევნების შედეგად პარლამენტში შესული ოთხი პარტიიდან, ორი საერთოდ არ მონაწილეობს ამ აქციის ორგანიზებაში და რეალურად ემიჯნებიან ამ პროცესებს. ისინი კარგად ხედავენ, რომ ეს არ არის დემოკრატია. ეს რადიკალური ჯგუფი არის იმ ძალების წარმომადგენელი, რომელთაც სურთ აქ მოხდეს პროვოკაცია. ვნახეთ ერთ-ერთი ახალგაზრდის წამოცდენა სისხლის ღვრაზე და ასე შემდეგ.
პირველ სხდომამდე აბსოლუტურად მოზომილად, უმკაცრესად, თუმცა კანონის ფარგლებში უნდა იყოს პროცესები მართული. სხდომის შემდეგ კი გაგრძელდება საქართველოს განვითარების პროცესი,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.