მაია ბითაძე: 25-ში პარლამენტი აუცილებლად შეიკრიბება და დაიწყებს ფუნქციონირებას
“25 რიცხვში საქართველოს პარლამენტი აუცილებლად შეიკრიბება და დაიწყებს ფუნქციონირებას, ამ პარლამენტს ძალიან ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დღე რომ დადგება, საქართველო იყოს წელგამართული, როგორც ეკონომიკურად, ასევე სახელმწიფოებრივად, სუვერენიტეტის კუთხით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მაია ბითაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.
„25 რიცხვში საქართველოს პარლამენტი აუცილებლად შეიკრიბება და დაიწყებს ფუნქციონირებას. არ აქვს მნიშვნელობა რადიკალები რას მოიმოქმედებენ. ჩვენთვის ეს არ-ახალია, ეს ყველაფერი ამ წელსაც ნანახი გვაქვს, 2020 წლის არჩევნების შემდგომაც ნანახი გვაქვს, მანამდეც ნანახი გვაქვს, ასე რომ არაფერს განსაკუთრებულს არ ველი. მთავარია, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა და უფრო მეტსაც ვიტყვი, რომ მათ შორის ოპოზიციის მხარდამჭერებიც კი ახლა ძალიან კარგად ხვდებიან, რომ გამოხატვის და პროტესტის ის ფორმა არის მთავარი მოტივატორი იმის, რომ ამ ქვეყანაში ჩამოიშალოს ყველაფერი და დაუბრუნდეს ოთხმოცდაათიან წლებს. ასე რომ მე არ მგონია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერ ყველა ადამიანს მოსწონდეს ის, რაც დღეს ხდება. ამას ცხადყოფს ხალხის რაოდენობა, რომელსაც ქუჩაში ვხედავთ. ამ პარლამენტს ძალიან ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი, ძალიან ბევრი ვალდებულება გვაქვს შესასრულებელი, როგორც სამართლებრივი, ასევე ეკონომიკური იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ საბოლოო ჯამში ამოისუნთქოს და ეს უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობა კიდევ გაგრძელდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დღე რომ დადგება საქართველო იყოს წელგამართული, როგორც ეკონომიკურად, ასევე სახელმწიფოებრივად, სუვერენიტეტის კუთხით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეს ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს ქვეყანა ჩამოშალონ, ძალიან დიდი შავი ლაქით დარჩებიან ისტორიაში“,- განაცხადა ბითაძემ.