პატრიარქი: ბოროტებაზე სიკეთით უპასუხეთ და ღმერთი მუდამ თქვენთან იქნება
ჩვენ სიკეთედ მიგვაჩნია ის, რაც არ არის სიკეთე და ბოროტებას სიკეთედ ვთვლით, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.
პატრიარქმა მრევლს სიკეთის კეთებისკენ მოუწოდა.
“ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. რთული არის იმით, რომ ადამიანმა, კაცობრიობამ გააკეთა გადაფასება. ჩვენ სიკეთედ მიგვაჩნია ის, რაც არ არის სიკეთე და ბოროტებას სიკეთედ ვთვლით. ყოველი ადამიანი სიმართლეს ეძებს, მაგრამ სად არის ეს სიმართლე არავინ იცის. ეძებენ სიმართლეს და არ ფიქრობენ, რომ ეს სიმართლე თავის თავში იპოვონ. რა არის სიმართლე?! ეს არის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება ერთია. არ შეიძლება ნახევარი ჭეშმარიტი იყოს და ნახევარი არ იყოს. დავით წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ყოველი კაცი ცრუ არის, ესე იგი ჩვენ ყოველნი ვართ ცრუ. ეს შეიძლება ვერ გაიგოს მრავალმა, მაგრამ ამას დავით წინასწარმეტყველი ამბობს. სიმართლე ყველამ ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ”, – ბრძანა პატრიარქმა.
მისივე თქმით, თუკი ადამიენები სიკეთის კეთებას დაიწყებენ, მათზე ბედნიერი და ძლიერი არავინ იქნება.
“ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ბოროტებაზე სიკეთით უპასუხეთ და ღმერთი მუდამ თქვენთან იქნება. ბოროტება ბოროტი ძალებისგანაა, სიკეთე და სიყვარული კი ღმერთისგანაა. სიკეთის კეთება უნდა დავიწყოთ და ჩვენზე ბედნიერი და ძლიერი არავინ იქნება. სიკეთეს აქვს უდიდესი ძალა და ეს სიკეთე გადაარჩენს საქართველოს”, – ბრძანა პატრიარქმა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, ბოროტებას ხალხმა სიკეთით უნდა უპასუხოს და ამით ბოროტებას გზა გადაეკეტება.
დღესვე უწმინდესმა მოლაშვილების, გაბიტაშვილების, ლოთიშვილების, რამაზაშვილებისა და წიქარიშვილების გვარები დალოცა. ასევე დალოცა რკინიგზის თანამშრომლები და მათი ოჯახები.
ილია მეორესთან ერთად წირვა უკრაინის ეკლესიის მღვდელმთავარმა, მთავარეპისკოპოსმა აღაპიტმა აღავლინა. პატრიარქმა მთავარეპისკოპოსი აღაპიტი წმინდა სამების ხატით დააჯილდოვა. თავის მხრივ მთავარეპისკოპოსმა აღაპიტმა ილია მეორეს ჯვარი გადასცა, რომელიც, მისი თქმით, უკრაინის გამარჯვების სიმბოლოა. საღამოს კი ჩვილთა მორიგი საყოველთაო ნათლობა გაიმართება.