დღეს მასწავლებლის საერთაშორისო დღეა
5 ოქტომბერს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ქართველ პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მიულოცავს. როგორც “კვირას“ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირიდან აცნობეს, ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევს ,,მასწავლებელი – წარმატებული მომავლისათვის”.
მოწვეული სტუმრებისა და თბილისის პედაგოგებისთვის წარმოდგენილი იქნება ვიდეო რგოლი. საზოგადოების ცნობილი სახეები მოიგონებენ იმ პედაგოგებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მათ წარმატებებსა და ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. ვიდეო რგოლში მონაწილეობენ: კახი კავსაძე, ეკა მამალაძე, ნატო მეტონიძე, მაია ბარათაშვილი, ეკა მიშველაძე, ლელი ბლაგონრავოვა, ირინა ფრუიძე, დავით ველიჯანაშვილი, თამთა დემურიშვილი, ნანა ჩაჩუა, ნოდარ ტაბიძე, ნუცა კოპალიანი.
პროფკავშირების ინფორმაციით, გასულ წელს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა, როგორც მსოფლიო მასწავლებელთა გაერთიანების ,,განათლების ინტერნაციონალის” წევრმა ორგანიზაციამ საქართველოში დაიწყო გლობალური კამპანია ,,გავერთიანდეთ ხარისხიანი განათლებისათვის – ხარისხიანი განათლება უკეთესი მომავლისათვის”, რომლის მიზანია დაცული იყოს პედაგოგთა უფლებები, რათა ყველა ბავშვისათვის ხელმისაწვდომი იყოს ხარისხიანი განათლების მიღება.