არჩილ გორდულაძე – გიორგი ვაშაძეზე: ყველანაირი პოლიტიკური, მორალური ღირსებისგან დაცლილია
“გიორგი ვაშაძეზე რა უნდა ვთქვა?! ადამიანი, რომელიც უბრალოდ ყველანაირი პოლიტიკური, მორალური ღირსებისგან დაცლილია და ეს განცხადება პირდაპირი მოწოდებაა, რომ ასეთი ქმედებები, დანაშაულები განხორციელდეს და ჩადენილი იქნას”, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადება, რომელმაც განაცხადა: „ყველამ ავიღოთ მელანი, ვინც სადაც გამყალბებელს ვნახავთ, შევასხათ სახეში, ეს არის გეგმა“.
მისივე თქმით, თითოეული ადამიანი, რომელსაც დავალებას მისცემენ, რომ დანაშაული ჩაიდინოს მიტოვებულებად დარჩებიან.
„ჩვენ კარგად უნდა გავახსენოთ ქართველ ხალხს და მათ შორის ამ ძალის მხარდამჭერებსაც, რომ მაგალითად, რამდენიმე თვის წინ, როდესაც აქციები მიმდინარეობდა პარლამენტთან, როდესაც დაზიანდა სახელმწიფო ქონება და ადამიანები პასუხისგებაში არიან მიცემულები სხვისი ნივთის დაზიანების გამო, მიტოვებულები არიან ახლა „ნაციონალური მოძრაობისგან“ და თითოეული ადამიანი, რომელსაც დავალებას მისცემენ, რომ დანაშაული ჩაიდინოს ისევე მიტოვებულებად დარჩებიან და არავითარი პატრონი არ ეყოლებათ. ეს კარგად უნდა გაითვალისწინოს იმ ადამიანებმა, რომლებიც მიიღებენ „ნაცმოძრაობისგან“ დავალებებს და დანაშაულზეც კი წამსვლელები არიან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას.