კახა კალაძე: საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მივიღეთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, დავიწყოთ მუშაობა, რომ პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე

თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყოს მუშაობა ქვეყნის მიმართ მოღალატეობრივი ქმედებების ჩამდენთა მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე.

კახა კალაძის თქმით, გამოძიების შესაძლებლობა საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის შემთხვევაშიც არსებობს.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით საარჩევნო კამპანიის დროს გავაკეთეთ განცხადება და გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება. მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება იმიტომ, რომ იყო მთელი რიგი გეგმები და გადასადგმელი ნაბიჯები, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მივიღეთ, არ გამოვრიცხავ, დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე. ძალიან მძიმედ დაამახსოვრდა მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა. როგორ შეიძლება შენ იყო ხელისუფალი და ექცეოდე შენი ქვეყნის მოსახლეობას ისე, როგორც ექცეოდნენ ეს ადამიანები მოსახლეობას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. შესაბამისად, ყველას და ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები