სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
„სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე სამუშაოები გვაქვს დაწყებული. აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. პირველი, რასაც ვაკეთებთ, არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რომელიც მთლიანად განახლდება. მომავალი წლისთვის სამუშაოები სრულად იქნება დასრულებული. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ეს მონაკვეთი გარდაბნის გზატკეცილს ახალი ასფალტით დაუკავშირდება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოსკოვის გამზირიც განიტვირთოს. სამუშაოების შედეგად, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ იქნება ჩატანილი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები LED სანათებით, საგზაო ინფრასტრუქტურა იქნება კეთილმოწყობილი და ადაპტირებული შშმ პირთათვის”, – განაცხადა კახა კალაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 600 გრძივ მეტრზე ხორციელდება.
ქუჩაზე კომპანია GWP-ის მიერ უკვე განახლებულია წყალმომარაგების და წყალარინების ქსელები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები, რომელიც 1300 გრძივ მეტრზე უკვე დასრულებულია. ასევე, დაგეგმილია გაზმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია და საჰაერო სადენების მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსება, ახალი გარე განათების ქსელი მოეწყობა LED სანათებით. ფეხით მოსიარულეებისთვის მოეწყობა ტროტუარები და უსაფრთხოების კუნძულები, ხოლო, საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი დაიგება. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოეწყობა ახალი მოსაცდელები. ქუჩაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს. პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია, ხოლო სამუშაოები 2025 წლის აპრილში დასრულდება.
პროექტის მიმდინარეობას დღეს მერთან ერთად თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნენ.