“შიდა პოლიტიკაში არამართლზომიერად ჩართული პირები საქართველოში საკუთარი მარცხის დასატირებლად ჩამოვიდნენ” – ირაკლი ქადაგიშვილი
“კარგად იციან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ნორმალურ ვითარებაში, სუფთად ჩატარდა, მაგრამ აქვთ პოლიტიკური ინტერესი, რომ ხელისუფლებაში იყვნენ ის ძალები, ვისთანაც პირდაპირი კავშირი აქვთ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
დეპუტატი ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტს გამოეხმაურა.
„დღეს, როცა ადგილობრივმა ფილიალებმა არჩევნებში მარცხი განიცადეს, ბუნებრივია, გაპროტესტების ამ ფორმას შეურთდნენ. მათ კარგად იციან, რატომ ზის მიხეილ სააკაშვილი. იციან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.
კარგად იციან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ნორმალურ ვითარებაში, სუფთად ჩატარდა, მაგრამ მათ აქვთ პოლიტიკური ინტერესი, რომ ხელისუფლებაში ის ძალები იყვნენ, ვისთანაც პირდაპირი კავშირი აქვთ, მათ ეს ინტერესი ამოძრავებთ.
მეორე საკითხია, რატომ უნდათ ამ ძალების ხელისუფლებაში ყოფნა. ესენი არიან ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არამართლზომიერად ჩართული პიროვნებები, რომლებიც საქართველოში საკუთარი მარცხის დასატირებლად ჩამოვიდნენ, მათ საქართველო და ქართველი ხალხი ნაკლებად აინტერესებთ, აქვთ პოლიტიკური მიზანი, რასაც დემოკრატიული არჩევნების გზით ვერ აღწევენ და ახლა სურთ, საქართველოს მოსახლეობა ტერორის გზით დააშანტაჟონ“, – განაცხადა
ქადაგიშვილმა.