კახა კალაძე: ის რაც ვნახეთ გუშინ, კატეგორიულად მიუღებელია, ეს არ არის მეგობრობა, ეს არის მტრობა
ამ ტიპის განცხადებები და ქმედებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვლაპარაკობთ, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპული დელეგაციის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვიზალიბერალიზაციის თაობაზე.
კახა კალაძის თქმით, ეს არის პირდაპირი მოწოდებები, რათა ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს.
„ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეს ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ ქართულ სახელმწიფოებრიობას, პატივს არ სცემენ სუვერენიტეტს და ქვეყნის დამოუკიდებლობას. ამ ტიპის განცხადებები და ქმედებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბოლო წლებია პირდაპირ ვლაპარაკობთ, არ გვერიდება. ზუსტად ეს არის ის დამოკიდებულება, რაც კატეგორიულად მიუღებელია ყველა ღირსეული ქართველისთვის. ესენი არიან უსამშობლო ადამიანები, გვყავს ასეთები ქვეყნის შიგნით, რომლებისთვისაც საქართველო მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიაა, თუმცა ქვეყანაში გვყავს უმრავლესობა ადამიანების, რომელთათვისაც საქართველო არის სამშობლო, სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ, უყვართ ეს ქვეყანა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღეს არჩევნებზე. ის რაც ვნახეთ გუშინ, კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის მეგობრობა, ეს არის მტრობა. ეს არის პირდაპირი მოწოდებები ქვეყანაში, რომ ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, საზოგადოება გაიხლიჩოს, რასაც ბოლო წლებია ვისმენთ. ხედავთ, კონკრეტულ დაფინანსებებს, ეს არის ქვეყნის მტრობა. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის მომავლისთვის.
„მიხაელ როთი და მსგავსი ტიპის ელემენტები – ეს არის წარსული. გუშინ იყო მისი გამოსამშვიდობებელი საღამო და ნახეთ ეს ყველაფერი – უბინძურესი განცხადებები და ქმედებები, რასაც ეს რამდენიმე პოლიტიკოსი აკეთებდა. ხომ წარმოგიდგენიათ, სხვა ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ქმედება რომ განეხორციელებინათ, იმ წამსვე პანღურებით გაყრიდნენ ქვეყნიდან. აი, ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ, თუმცა ძალიან მაგარია, რომ ქართველი ხალხი დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს. ზურგის ტვინით გრძნობს ქართველი ხალხი არსებულ მოცემულობას, გამოწვევებს, საფრთხეებს და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი ხვალინდელი დღისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.