„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მე-10 საიუბილეო სეზონი გრძელდება
1 ნოემბერს, „ვენეციური ბაროკოს“ კონცერტით, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე გაიხსნა „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მე-10 საიუბილეო სეზონი. ფესტივალი, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად გახსნა, ქართველი მსმენელისთვის უკვე ნაცნობმა და საყვარელმა, იტალიელმა ვირტუოზმა ჩელისტმა დავიდე ამადიომ, ვენეციელმა მუსიკოსმა ვენეციური მუსიკის ფეიერვერკით გახსნა საიუბილეო სეზონი.
ფესტივალის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიესალმნენ: საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე და იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დანტუონო.
ფესტივალი, 5 ნოემბერს გაგრძელდა კონცერტით „ბაროკო ბავშვებისთვის“, სადაც „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, ზურა ბალანჩივაძემ პატარა მსმენელებს ბაროკოს მუსიკა და ინსტრუმენტები გააცნო. შემეცნებით-გასართობი კონცერტი უკვე მეორე წელია ტარდება და დიდ მოწონებასა და წარმატებას იმსახურებს ბავშვებსა თუ მშობლებში.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა თეა მუქერიამ აცნობა, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ საიუბილეო სეზონი გრძელდება და 9 ნოემბერს, ფრანგი ვირტუოზი კლავესინისტი ჟან რონდო, დახვეწილი ფრანგული ბაროკოს საკლავესინო სოლო პროგრამას შესთავაზებს კონცერტზე – „ფრანგული ბაროკო“, ხოლო 11 ნოემბერს, „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, იოჰან სებასტიან ბახისა და მისი შვილების მუსიკას შეასრულებს კონცერტზე – „ბახის დინასტია“.
კონცერტები, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე 19:30-ზე გაიმართება. ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია ონლაინ, საიტზე: www.biletebi.ge
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის, ფრანგული ინსტიტუტის, იტალიისა და გერმანიის საელჩოების მხარდაჭერით ტარდება და წლევანდელი საიუბილეო სეზონი 11 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება“, – აღნიშნა თეა მუქერიამ.