სპორტის სამინისტროში ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელის, ალექსანდრე მეტრეველის, 80 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელის, ალექსანდრე მეტრეველის, 80 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ეროვნული სპორტული ფედერაციებისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, ვეტერანი სპორტსმენები, ალექსანდრე მეტრეველის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. ინფორმაციას კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
შალვა გოგოლაძემ ალექსანდრე მეტრეველს 80 წლის იუბილე მიულოცა და ქართული ჩოგბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე წაიკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მილოცვა. ალექსანდრე მეტრეველს იუბილე მიულოცეს ლეგენდარულმა ჩეხმა ჩოგბურთელმა იან კოდეშმა და ცნობილმა ბერძენმა ჩოგბურთელმა სტეფანოს ციციპასმა.
ალექსანდრე მეტრეველი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელმაც უიმბლდონის ტურნირის ფინალში სამჯერ ითამაშა – 1973 წელს ერთეულთა თანრიგში, 1968 და 1970 წელს კი წყვილთა თანრიგში. ის იყო მსოფლიოს მეცხრე ჩოგანი. ქართველი ჩოგბურთელი ევროპის 16-გზის ჩემპიონია ერთეულთა, წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგებში.
ლეგენდარული სპორტსმენი დიდი სლემის 33 ტურნირის მონაწილეა. 1963-1980 წლებში მან დევისის თასზე 105-ჯერ ითამაშა და 80-ჯერ გაიმარჯვა.
ალექსანდრე მეტრეველი არის ღირსების ორდენის კავალერი. 2015 წელს, უიმბლდონის ტურნირის მსვლელობისას, იგი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) პრეზიდენტმა დევისის თასის სპეციალური მედლით დააჯილდოვა.