უწყებათაშორისმა კომისიამ არჩევნების შემდეგ პირველი სხდომა გამართა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-10 სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია კენჭისყრის დღეს საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. მომხსენებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მან დეტალურად ისაუბრა ხმის მიცემის ფარულობის, ვერიფიკაციის სისტემის გამართულობის, მარკირების წესების დაცვის, საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის, სხვის ნაცვლად და განმეორებით ხმის მიცემის შეუძლებლობისა და საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. სხდომაზე, ასევე, მოისმინეს მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლენილ საკითხებზე რეაგირების თაობაზე.
„უწყებათაშორისი კომისიის სხდომას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უძღვებოდა. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ კომისიის წევრი საჯარო უწყებების ხელმძღვანელი პირები; საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, აგრეთვე, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.
საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა. მას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს. კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; აგრეთვე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11.
კომისია მუშაობას ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ დაასრულებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.