პრემიერი: „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, მაშინ კონკრეტულად უნდა გვითხრას, რა არ მოსწონს, რომელი მუხლი, საჭიროა არგუმენტები
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, მაშინ კონკრეტულად უნდა გვითხრას, რა არ მოსწონს, რომელი მუხლი, რომელი ნორმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საუბრისას საჭიროა არგუმენტები.
„მაგალითად, რომ დავიწყოთ საუბარი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთან“ დაკავშირებით, აქ საუბარია ელემენტარულ საკითხებზე, აქ არის ბანალური თემა, უნდა გავარკვიოთ საბოლოო ჯამში კაცი კაცია, თუ არა, ქალი ქალია, თუ არა, ამაზეა საუბარი ელემენტარულად, რომ ასეთი საკითხები მყარად იყოს გაწერილი. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს ასე არ არის, ნებისმიერ მამაკაცს, მთელ რიგ ქვეყნებში შეუძლია უცბად გადაეწეროს ქალად, მერე დაბრუნდეს კაცად, ეს არის უზრუნველყოფილი არაერთი ევროპული ქვეყნის კანონმდებლობით. ჩვენი კანონი ეხება ზუსტად ამას, ამის თავიდან არიდებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სრული სიმახინჯე, აქედან გამომდინარე, გვჭირდება კანონმდებლობა, რომელიც ასეთი განვითარებისგან დაიცავს ჩვენს ქვეყანას, რომელიც დაიცავს ლგბტ პროპაგანდისგან სკოლებში ბავშვებს და ა.შ. საუბარია ელემენტარულ საკითხებზე. თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები ამ კანონთან დაკავშირებით, მაშინ კონკრეტულად უნდა გვითხრას, რა არ მოსწონს, რომელი მუხლი, რომელი ნორმა.
რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ამასთან დაკავშირებით დღესაც გვქონდა საუბარი, აქაც გვჭირდება კონკრეტული არგუმენტები. კანონი არის ძალიან რბილი, არავითარი შეზღუდვა არ არის დადგენილი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, ერთადერთი, რაც არის დადგენილი, არის ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციის ჩაბარება იუსტიციის სამინისტროში. ამასთან დაკავშირებით თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ამ დეკლარაციის ჩაბარება არ არის კარგი, კი ბატონო, ვიმსჯელოთ, მაგრამ პირველ რიგში გვჭირდება არგუმენტები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.