“სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაგრძელდება საქართველოს გზა ევროკავშირისკენ” – დავით მათიკაშვილი
“უკრაინაში ომი როცა დასრულდება, შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში პოლიტიკური საკითხების ტრანსფორმაცია მოხდება.
„მსოფლიოში რაღაც-რაღაცები უკვე შეიცვალა და კიდევ უფრო მოხდება პოლიტიკური საკითხების ტრანსფორმაცია. ამერიკაში არჩევნები იქნება, რომლის შედეგებსაც მთელი მსოფლიო ელოდება. ამ არჩევნებზე, შესაძლოა, უკრაინაში არსებული ომის ბედ-იღბალიც იყოს დამოკიდებული. უკრაინაში ომი როცა დასრულდება და, დიდი ალბათობით, ეს მალე მოხდება, შეიცვლება მიზნები, რაც მსოფლიოს საქართველოსთან მიმართებით ჰქონდა. ამის შესაბამისად, დამოკიდებულებაც შეიცვლება და გადატვირთვა მოხდება. იმ რელსებზე დაბრუნება დაიწყება, რომელიც გვქონდა დასავლელ პარტნიორებთან. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაგრძელდება საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.