ეროვნული გალერეა XIX საუკუნის ქართული პორტრეტული ფერწერის გამოფენას უმასპინძლებს
ეროვნული გალერეა XIX საუკუნის ქართული პორტრეტული ფერწერის გამოფენას უმასპინძლებს. ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ერთ დარბაზში გამოიფინება შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული XIX ს.-ის ე. წ. ტფილისური პორტრეტული სკოლის დაზგური ფერწერის 18 ნიმუში – იმდროინდელი საქართველოს მკვიდრთა – ბატონიშვილების, თავად-აზნაურთა, სამხედრო პირთა, მოხელეთა და მოქალაქეთა პორტრეტული გალერეა: თეკლა ბატონიშვილის პორტრეტი; ახალგაზრდა გურიელის პორტრეტი; ივანე პეტრეს ძე ივანიძისა და მისი მეუღლის – მაგდალინას პორტრეტი და სხვ.
ქართული ხელოვნების ისტორიაში სხვადასხვა მხატვრული სტილის ჩამოყალიბებაზე ზეგავლენას ახდენდა განსხვავებული კულტურული სამყაროები, რაც განპირობებული იყო საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით და პატარა ქვეყნების ბუნებრივი ხვედრით. XVIII ს.-ის II ნახევარსა და XIX ს.-ის I ნახევარში აღმოსავლურ-ისლამურ და ევროპულ სამყაროთა ზემოქმედების კვალი აშკარად გამოვლინდა არა მარტო ქართველთა ყოფა-ცხოვრებაში, არამედ ქართულ ხელოვნებაშიც.
მრავალსახოვანი იყო საქართველოს დედაქალაქიც, ამიტომაც XIX ს.-ის დასაწყისში ტფილისური პორტრეტული სკოლის გამომსახველობითი სისტემის ფორმირებისას შეიმჩნევა სხვადასხვა მხატვრული ტრადიციის შეთავსება. ამ სკოლის წანამძღვართაგან აღსანიშნავია თავად ქართული საწყისი – შუა საუკუნეების საქართველოს კედლის მხატვრობაში არსებული საერო ქტიტორული პორტრეტის ხანგრძლივი ტრადიცია; უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ირანული მხატვრობაც. ტფილისური პორტრეტული სკოლის სტილისტური სახის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროპული დაზგური ფერწერის ზეგავლენით ჩასახულმა XVIII ს.-ის II ნახევრის ქართულმა პარადულმა პორტრეტმაც. საქართველოში შემორჩენილია ტფილისური პორტრეტული სკოლის 200-მდე ნიმუში, რომელთა მახასიათებელ ნიშნად მიიჩნევა ტიპურობა, ზოგადი და საყოველთაო ხასიათი.
გამოფენა 2024 წლის 6 ნოემბრიდან 2025 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება.