“თუ მეორე მხარეს გამოჟონა ფლომასტერმა, ეს არ ნიშნავს, რომ რამდენიმე ათასი, ფენომენალური ნიჭის მქონე ადამიანია, რომელიც ამ სიჩქარეში თვალს მოკრავს და დაინახავს, ვისთვის არის ხმა მიცემული” – ვოლსკი
“რადიკალიზაცია – ეს ამოცანა მათ წინაშე იდგა მუდმივად და ამის საფუძველი უნდა გამხდარიყო არჩევნები, სადაც ზუსტად იცოდნენ, რომ არ ექნებოდათ წარმატება – წააგებდნენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას, “დღის კურიერში” განაცხადა.
“თავად ელექტრონული არჩევნების სისტემის შემოტანა იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ჩავარდნენ ისტერიკულ მდგომარეობაში, რადგან ტექნიკურად ამის გაყალბება შეუძლებელია. თუ ამბობენ, რომ პროკურატურაში არ მივდივართ და არ მიგვაქვს მასალაო, ესეც თვალთმაქცობაა, ვინაიდან რაც განაცხადეს – რომ რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობით მოხდა, გარკვეული სქემით, ტექნიკური შეჭრა ელექტრონული არჩევნების სისტემაში, ეს არის ისეთი თემა, რომელზეც პროკურატურას, რომც ჰქონდეს განცხადება მოსმენილი, სისხლის სამართლის საქმეც რომ აღძრას, სჭირდება კონკრეტული დეტალები. სხვა რაიმე ისეთი მიზეზი, რომელიც შეიძლება ყურადსაღები იყოს, ვერ იქნება, ჩემი აზრით, თუმცა, ეს პროკურატურის გადასაწყვეტია.
ერთი: თუკი მეორე მხარეს გამოჟონა ფლომასტერმა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამდენიმე ათასი ფენომენალური ნიჭის მქონე ადამიანია, რომელიც ამ სიჩქარეში, როდესაც ეს ბიულეტენი შედის აპარატში, თვალს მოჰკრავს და დაინახავს ზუსტად მეორე მხრიდან, ვისთვის არის ხმა მიცემული – ეს კომედიური ჟანრია.
მეორე – წარმოიდგინეთ, რომ არის 300 000 ადამიანი, ცხვრის ფარა, რომელსაც სახლში მიუვარდნენ, წაართვეს პირადობის მოწმობები ან ფული გადაუხადეს იმაში და კიდევ არსებობს “ქართულ ოცნებასთან” შეკრული 100 000 ადამიანი, რომელიც 3200 საარჩევნო უბანზე დაიარება, გადადის, ტრანსპორტირება ხდება და ამ არჩევნებში აძლევენ ხმას არარსებული ამომრჩევლის ნაცვლად. 100 000 ვთქვით იმიტომ, რომ თითოზე სამ-სამი უბანი გამოგვეყო თორემ, თუ ნაკლებია შეკრულ ადამიანთა რიცხვი, გაცილებით მეტ უბანზე მიუწევდათ მისვლა. ასეთი ზღაპრებით ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ უნდა იყვნენ გაბრაზებულები, აუცილებლად უნდა მოვიდნენ და ეროვნულ ინტერესებს მიაყენონ გარკვეული ზიანი”, – განმარტა გია ვოლსკიმ.