გია ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილისთვის დიპლომატიური სფერო უცხო არ არის, მან კარგად იცის, რომ ასეთი განცხადება შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ დიპლომატებისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც ფრიად საზიანოა

საქართველოს მაღალი დონის დიპლომატები ჰყავს და მათ წინაშე დასახული ამოცანები საკმაოდ წარმატებით არის შესრულებული,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი პრეზიდენტის დიპლომატების მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ

“სალომე ზურაბიშვილისთვის დიპლომატიური სფერო უცხო არ არის. მან კარგად იცის, რომ ასეთი განცხადება შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ დიპლომატებისთვის, არამედ ქვეყნისთვის ფრიად საზიანოა”.

„თავის მაღალ დიპლომატიურ თანამდებობაზე მუშაობის დროს თავი იმით დაგვამახსოვრა, როცა ლავროვი შეაქო, როგორც ყველაზე გამჭრიახი და გამოცდილი დიპლომატი. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილს იმდენი ავტორიტეტი აქვს, რომ დიპლომატებს ჭკუა ასწავლის. ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება და არა დიპლომატიური კორპუსის მიმართ. დიპლომატებს უამრავი კონტაქტი აქვთ, დახურული თუ ღია შეხვედრები, და როცა მათ სალომე ზურაბიშვილი ასეთ უკმეხ შენიშვნას აძლევს და ეჭვი შეაქვს მათ ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმში, ეს პირდაპირი დარტყმაა საკუთარ ქვეყანაზე, რადგან დიპლომატი საზღვარგარეთ თავის თავს და ოჯახს არ წარმოადგენს, ქვეყანას წარმოადგენს. საქართველოს მაღალი დონის დიპლომატები ჰყავს. მათი მხრიდან მათ წინაშე დასახული ამოცანები საკმაოდ წარმატებით არის შესრულებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ. ისტორია არ დაგივიწყებთ და სულხან საბას კი მოეშვით. მისი ხსენება ვერ გიშველით და მის სახელს ჩრდილს უყენებთ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები