იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: მათი პროპაგანდა არის ჭორაობა, სიცრუე; ჭორიკანა ოპოზიცია საზოგადოების ნდობას არ იმსახურებს
“ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების ერთი არგუმენტიც ვერ წარმოადგინა. მთელი მათი პროპაგანდა არის ჭორაობა, სიცრუე და საკუთარ ამომრჩეველთან თავის მართლება”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციისთვისაც უკეთესი იქნებოდა, ამომრჩეველს სიმართლეს ეუბნებოდეს.
“მათთვისაც უკეთესი იქნებოდა, ამომრჩეველს სიმართლეს ეუბნებოდნენ, მაგრამ ამის არც უნარი აქვთ, არც რესურსი. როგორც ჩანს, სიცრუისა და ტყუილისკენ არის მიმართული დავალება, რაც მათ მიიღეს. მოვისმინეთ ობიექტური დამკვირვებლების, მათ შორის, საერთაშორისო შემფასებლების არაერთი განცხადება, რომ საქართველოში არჩევნები ბევრად მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ვიდრე ევროპის ცალკეულ ქვეყნებში. ფაქტი როდესაც არ გაქვს, ჭორაობას მიმართავ. ჭორიკანა ოპოზიცია საზოგადოების ნდობას არ იმსახურებს”, – განმარტა დეპუტატმა.