„სამუსიკო სკოლების დათვალიერება სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში მათი საჭიროებების აღწერის მიზნით“ – კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტი განხორციელდა 

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ განახორციელა პროექტი – „სამუსიკო სკოლების დათვალიერება სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში მათი საჭიროებების აღწერის მიზნით“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ჩოხატაურში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გურიის რეგიონის სამუსიკო-საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებმა.
ღონისძიებას კონსერვატორიის რექტორი, პროფესორი გიორგი ვაჩნაძე და პროექტის ავტორი, კონსერვატორიის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ნუცა კასრაძე ესწრებოდნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართა პროექტის შედეგების შემაჯამებელი დისკუსია.
პროექტის მიზანია საქართველოში მუსიკალური განათლების ხელშეწყობა; პოტენციური პროფესიონალი კადრების მოძიება და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; მუსიკალური განათლების სისტემის განვითარების საერთო მიზნებში საშუალო რგოლის მნიშვნელობის გაცნობიერება, ხელშეწყობა და გაძლიერება.
პროექტი მოიცავს მთელ საქართველოს. მისი განხორციელება 27 სექტემბრიდან დაიწყო. სამუსიკო სკოლების მოსწავლეების მოსმენა ჩატარდა 11 ქალაქსა და დაბაში, კერძოდ: ბათუმში, სენაკში, რუსთავში, თელავში, გორში, მცხეთაში, ბორჯომში, ქუთაისში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ჩოხატაურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები