„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მე-10 საიუბილეო სეზონი 1-ელ ნოემბერს გაიხსნება
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის, ფრანგული ინსტიტუტის, იტალიისა და გერმანიის საელჩოების მხარდაჭერით, 1-ელი ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მე-10 საიუბილეო სეზონს ატარებს.
როგორც „კვირას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა თეა მუქერიამ აცნობა, „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 2015 წელს, საქართველოს კულტურის სამინისტრო მხარდაჭერით დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება.
ფესტივალს სტუმრობენ მსოფლიოში აღიარებული ძველებური მუსიკის შემსრულებლები და სპეციალისტები. ამ 9 წლის განმავლობაში, ფესტივალის ფარგლებში უკვე არაერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა და ანსამბლმა გამართა კონცერტი, მათ შორის არის: ჟორდი სავალი, ქრისტინა ბუში, დავიდე ამადიო, ჟან რონდო, ორკესტრი „ძველი მუსიკის აკადემია“ (AKAMUS), ანსამბლი ZEFIRO და სხვა.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“, წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და საიუბილეო სეზონიც განსაკუთრებული იქნება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 8 კონცერტი, მასტერკლასები და 3 საჯარო ლექცია. საიუბილეო ფესტივალს სტუმრობენ და „საქართველოს სინფონიეტსთან“ ერთად მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები: დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია), ჟან რონდო (კლავესინი, საფრანგეთი), კორნელია ფონ კერსებროკი (დირიჟორი, გერმანია), სერჯო აცოლინი (ფაგოტი, იტალია), დიეგო კანტალუპი (არქლუთნა, იტალია), ანდრეას შოლი (კონტრტენორი, გერმანია), ჟორდი სავალი (დირიჟორი, ესპანეთი) და სხვა. ფესტივალში, აგრეთვე ქართველი შემსრულებლები და გუნდები იღებენ მონაწილეობას: გიორგი კუზანაშვილი (თეორბო, ბაროკოს გიტარა), აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ანსამბლი „ბასიანი“.
საიუბილეო ფესტივალი, წელს სალექციო ნაწილსაც განსაკუთრებულს გთავაზობთ. თბილისის მუზეუმების გაერთიანების პარტნიორობითა და ორგანიზებით, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში: 16 ნოემბერს – გვანცა ღვინჯილიას (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი), 30 ნოემბერს – მაია სიგუას (ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი), ხოლო 7 დეკემბერს კი თეა მუქერიას (მუსიკოსი, მუსიკის ჟურნალისტი, ზ.ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის კურატორი)საჯარო ლექციები ჩატარდება. ლექციების დასაწყისი – 17:00. დასწრება თავისუფალია.
საფესტივალო კონცერტები კი ჩატარდება რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში. თითოეული კონცერტი თავისი სახელითა და დრამატურგიით იქნება წარმოდგენილი.
რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე მოისმენთ შემდეგ კონცერტებს: 1-ელი ნოემბერი – „ვენეციური ბაროკო“; 5 ნოემბერი – „ბაროკო ბავშვებისთვის“; 9 ნოემბერი – „ფრანგული ბაროკო“ (სოლო საკლავესიონო მუსიკა); 11 ნოემბერი – „ბახის დინასტია“.
21 ნოემბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში, ფესტივალის ტრადიციული კონცერტი – „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკა“ გაიმართება.
26 ნოემბერს, „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე დაბრუნდება და წარმოგიდგენთ კონცერტს – „მეგობრები – ტელემანი და ფაში“; 6 დეკემბერს ფესტივალს ანდრეას შოლის „ზეციური ხმა“ განაგრძობს, ხოლო 11 დეკემბერს, „ბაროკოს კონცერტებითა და ფოლიებით“, ჟორდი სავალი დახურავს საიუბილეო სეზონს“, – აღნიშნა თეა მუქერიამ.
კონცერტების დასაწყისი 19:30 საათი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, პორტალზე: www.biletebi.ge