“საერთო შეფასებით, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე; ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
“ევროკომისიის შეფასებით, 35 თავიდან გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა 12 თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი 13 თავზე. ეს არის იმის ძალიან მკაფიო დასტური, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გამო საქართველოს ჰქონდა შეზღუდული დრო საპარლამენტო საქმიანობისთვის და მიუხედავად ოპოზიციისა და „ენჯეო“ სექტორის მუდმივი ობსტრუქციისა, საქართველო დგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ხაზგასასმელია, რომ ანგარიშში 35 თავიდან მხოლოდ ერთი თავის შემთხვევაში, რომელიც მართლმსაჯულებასა და ფუნდამენტურ უფლებებს შეეხება, ევროკომისიის შეფასებით არის უკუსვლა. ამასთან, ამგვარი შეფასების ძირითად მიზეზად ანგარიშში ევროკომისია ასახელებს შემდეგ საკითხებს: გენდერული კვოტირების გაუქმება, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება და ლგბტ პრაიდის ვერჩატარება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ თავში ჩვენი შეფასება თანაბარია უკრაინისა და მოლდოვის შეფასებისა, ხოლო ფუნდამენტურ საკითხთა ჯგუფში, რომელშიც ეს თავი შედის, საქართველო უსწრებს მოლდოვასაც და უკრაინასაც”, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.