ერეკლე II-ის სტამბაში დაბეჭდილი „ჟამნის“ რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები დასრულდა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილებამ დაასრულა 1791 წელს ერეკლე II-ის სტამბაში დაბეჭდილი „ჟამნის“ რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ეს უნიკალური ბიბლიოგრაფიული ერთეული ავთენტიკურობის სრული დაცვით აღდგა.
„წიგნი მთლიანად შევისწავლეთ. დაშლილი იყო ბლოკი, რომელიც აღვადგინეთ. ჩატარდა ფურცლების ნაწილობრივი რესტავრაცია-კონსერვაციაც. აღდგა „ჟამნის“ ოდესღაც ულამაზესი ტყავის ყდა, რომელზეც უხვად არის დატანილი ორნამენტები. ყდას ჰქონდა საკეტები ტყავის შესაკრავებით. სამი შესაკრავიდან ერთი შემორჩენილი იყო, რის მიხედვითაც სამივე შესაკრავი აღდგა. წიგნს არ ჰქონდა არცერთი კაპტალი, დაშლილი იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აფთრატიც. ეს დეტალებიც აღდგა. წიგნის ფურცლები გაიწმინდა და დაუბრუნდა თავდაპირველი ფერი, რის გამოც გამოიკვეთა ნაბეჭდი ორნამენტები. წიგნიდან ამოვარდნილი ერთ-ერთი ფურცელი, რომელზეც გამოსახულია ბაგრატიონთა გერბი, მიკრული იყო უკანა ყდის შიდა მხარეზე. მოხერხდა მისი შენარჩუნება, პირვანდელი სახით აღდგენა და კუთვნილ ადგილას დაბრუნება. ასევე შენარჩუნდა წიგნის ფორზაცად გამოყენებული მინაწერებიანი ფურცელი. ერეკლეს სტამბის ამ უნიკალური გამოცემის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები წარმატებით დასრულდა და გამოცემას სიცოცხლე მრავალი წლით გაუხანგრძლივდა“, – ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების უფროსი, ნატალია ელიზბარაშვილი.
„1791 წელს გამოცემული „ჟამნი“ ლიტურგიკული წიგნია, რომელსაც ოჯახში ყოველდღიურად კითხულობდნენ. მასში შედის ლოცვები, ფსალმუნები და სხვა. ხშირი გამოყენების გამო ასეთი წიგნები სწრაფად და მეტად ზიანდებოდა. ერეკლე II-ის სტამბაში დაბეჭდილი „ჟამნი“ რომანოზ რაზმაძემ (ზუბაშვილმა) გამოსცა. ის იყო ერეკლეს სტამბის განმაახლებელი. დიდი წვლილი მიუძღვის იმერეთის სტამბების დაარსებასა და განვითარებაში. რაც შეეხება უშუალოდ გამოცემას, მისი ყდა ხის 2 ფირფიტისგან იყო დამზადებული, რომელიც შეერთებული იყო ტყავით – ყუისა და გადასაკრავის დანიშნულებით. წიგნის აღდგენისას კარგად გამოჩნდა ყველა დეტალი. გამოცემა აღდგა ახალი დეტალების დამატების გარეშე, ავთენტიკურობის სრული დაცვით“, – ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების უფროსი, შორენა ოსიპოვა.