ნიკოლეიშვილი – აშშ-ზე: დიპლომატიურად შემოგვაპარებენ იმ გეგმას, რასაც ჩვენ ისედაც ვამბობდით, ოღონდ საავტორო უფლებას მიიტაცებენ, შემდეგ კი გახარებულები იმით, რომ ჩვენ მათ “დავუჯერეთ”, ისევ „მტკიცე“ მეგობრობას შემოგვთავაზებენ
“გახსოვთ, ალბათ, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ არჩევნების შემდეგ აშშ-ის ელჩთან, ქალბატონ დანიგანთან აპირებდა შეხვედრას, ეს შეხვედრა ალბათ მაინც შედგება, ოღონდ მანამდე რაც მოხდა და ხდება ახლა, მის გაანალიზებას შევეცდები”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ცხადია, განსახილველ საკითხთა შორის უმთავრესი ქართულ-ამერიკული შებზარული ურთიერთობების გადატვირთვა-გამოკეთება-გაჯანსაღებაზე იქნებოდა საუბარი”.
“თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მანამდე ქალბატონმა ელჩმა მაღალი შეფასება მისცა ცესკოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, არჩევნების ელექტრონულ სისტემას, და იქვე დააყოლა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პატივს სცემდა და ითანამშრომლებდა „ქართულ ოცნებასთან“ თუ კი ისინი გამარჯვებას მოიპოვებდნენ არჩევნებში. მაშ, რა მოხდა, რას ნიშნავს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შანტაჟის შემცველი და არც თუ დიპლომატიური განცხადება, რომლის სულისკვეთება უკვე მერამდენედ სცილდება სტრატეგიული პარტნიორის და მეგობრის ტონს? აქ საქმე ცოტა სხვანაირადაა, დავიწყებ იმით, რომ ბლინკენი წამსვლელი სუბიექტია, ტრამპის არჩევის შემდეგ ის თანამდებობაზე აღარ იქნება, მას სხვა პოლიტიკოსი შეცვლის, რომელსაც განსხვავებული მიდგომები ექნება არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრ ქვეყანასთან და საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ელჩს, მას კიდევ რჩება საქართველოში მუშაობის დრო (მინიმუმ 3,5 წელი), მიუხედავად იმისა, რომ ის ექვემდებარება სახელმწიფო დეპარტამენტის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, მაინც აქვს თავის ხედვა გარკვეულ საკითხებთან მიმართებით, მით უფრო, რომ ყველაზე კარგად მოეხსენება, რომ მალე ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან მოუწევს მუშაობა და შეიძლება, სულაც არ ჰქონდეს ძველი ადმინისტრაციის ცოდვების აკიდების სურვილი. ცხადია, ეს იცის ბლინკენმა და მისმა გუნდმა და თავიანთ ელჩს დაასწრეს, სანამ ის პოზიტიურ სიგნალებს გაუგზავნიდა საქართველოს შესახებ ძველი გეგმით მუშაობა გადაწყვიტეს.
ახლა მოკლედ შევეცდები, ავხსნა, რას უნდა ველოდეთ: როგორც ჩანს ძველი გეგმის განხორციელებას მაინც შეეცდებიან, მით უმეტეს, ყურმოჭრილი შემსრულებლები, დაწყებული სალომე ზურაბიშვილიდან დამთავრებული დამარცხებული პოლიტიკური პარტიებიდან თუ არასამთავრობოებიდან ნებისმიერი ბრძანების შესრულების მზადყოფნას აცხადებენ, ამას ემატება უზარმაზარი ფინანსური რესურსი რაც უკვე დახარჯეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, წყალშია გადაყრილი. მეორე, როგორ წარმოუდგენიათ, რომ „ქართულმა ოცნების“ ლიდერებმა, უნდა შეკრიბონ თავისი მხარდამჭერები და უთხრან, კი მოგვეცით ხმა და გვანდეთ ეს ქვეყანა სამართავად, მაგრამ უცხოელებს არ მოსწონთ თქვენი (ხაზს უსვამ მოსახლეობის უმრავლესობის!) გადაწყვეტილება და უნდა დავემორჩილოთო?! ეს ხომ აბსურდიცაა და გამორიცხულიც! მესამე, რამდენჯერ უნდა დარწმუნდნენ, რომ ამ ღირსეულ გუნდს თავის პრინციპული და საკმაოდ მტკიცე ხედვა აქვთ თავიანთი ქვეყნის აწმყოსა და მომავლის შესახებ, თან მათ გადარწმუნება გამორიცხულია, ვერანაირი შანტაჟით და მუქარებით ეს ვერ ხერხდება! გამოსავალი კი მარტივია: ვიცნობ რა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას, გამორიცხულია, რომ მათ თავიანთი შეცდომა ხმამაღლა აღიარონ, მაგრამ როგორც წესი, თუ ხედავენ რომ იმ კედელს ვერ არღვევენ, რომელიც ძალიან მტკიცეა, გადადიან მოქმედების შემდეგ სქემაზე, ნელ-ნელა დიპლომატიურად შემოგვაპარებენ იმ სცენარს თუ გეგმას, რასაც ჩვენ ისედაც ვამბობდით, ოღონდ საავტორო უფლებას მიიტაცებენ, შემდეგ კი გაბადრულები და გახარებულები იმით, რომ ჩვენ მათ “დავუჯერეთ” ისევ „მტკიცე“ მეგობრობას შემოგვთავაზებენ. ამ ყველაფერს კი დრო და გამძლეობა სჭირდება და არა ოპოზიციის შეკრებილი ერთ მუჭა (თუნდა ათასის) ხალხის დანახვაზე ყურების ჩამოყრა. ნუ დაგვავიწყდება, ჩვენ რამდენი და ვინ ვართ. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, ვინც ძალიან იჩქარა და „რომის პაპზე უფრო კათოლიკე „ აღმოჩნდა მათაც უნდა გაეცეთ პასუხი, ოღონდ აუჩქარებლად და გონივრულად, მაგრამ საკმაოდ მტკიცედ და იმის მითითებით, რომ ისინი უბრალოდ ამერიკელების გარეშე ჩვეულებრივ არარაობას წარმოადგენენ”, – წერს ნიკოლეიშვილი.