ირანმა გერმანიის მოქალაქე სიკვდილით დასაჯა

ირანელი ჯამშიდ შარმახდი, რომელსაც ასევე გერმანიის მოქალაქეობა ჰქონდა, ირანში სიკვდილით დასაჯეს,- ამის შესახებ ორშაბათს, 28 ოქტომბერს გახდა ცნობილი.

ირანში სიკვდილით დასჯა, როგორც წესი, ჩამოხრჩობით სრულდება. განაჩენის თანახმად, შარმაჰდი დამნაშავე იყო „დედამიწაზე კორუფციის გავრცელებაში“, ეს კი ირანში სიკვდილით ისჯება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დაგმო სიკვდილით დასჯა. მისი თქმით, მაღალი რანგის წარმომადგენლების ჯგუფი რამდენჯერმე გაიგზავნა ირანში საკითხის მოსაგვარებლად და აღნიშნა, რომ გერმანიის მოქალაქის სიკვდილით დასჯას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

შარმახდის ოჯახი მის გადასარჩენად ბოლო მომენტამდე იბრძოდა. ახლობლების თქმით, ის ბოლო რამდენიმე წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. ირანელმა დაზვერვის ოფიცრებმა ის დუბაიში ყოფნის დროს, 2020 წელს გაიტაცეს. მაშინ ირანის ხელისუფლება შარმახდის ოპოზიციური ჯგუფის “ტონდარის” ლიდერად მიიჩნევდა. ირანში კი ეს ჯგუფი ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები