28 ოქტომბერი ქართველი მწერლის – გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეა

1882 წლის 28 ოქტომბერს  ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი გრიგოლ რობაქიძე დაიბადა. იგი 142 წლის გახდებოდა.
ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჯერ ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი) სწავლობდა, შემდეგ კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაასრულა ლაიფციგის უნივერსიტეტი (გერმანია).
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ,  1915 წელს, იგი გახდა „ცისფერყანწელების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918-1921) რობაქიძე აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. მაგალითად, 1919 წელს იგი იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი. იმავე წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა ქართული დელეგაცია სტამბოლში.
ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ გრიგოლ რობაქიძეს დევნიდნენ ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიის წარმომადგენლები.
1931 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პოლიტიკური ემიგრანტი: 1946 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში, ხოლო 1946 წლიდან – შვეიცარიაში. 1942 წელს მისი უშუალო მოღვაწეობით ემიგრაციაში დაარსდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი და იყო ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი.
გრიგოლ რობაქიძემ ბერლინში ყოფნის დროს გამოაქვეყნა„ჩაკლული სული“, „ქალღმერთის ძახილი“, 1937 წელს გამოვიდა რომანი „გრაალის მცველნი“. ევროპულ პრესაში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი ლექსები, ლიტერატურული და პოლიტიკური წერილები, ესეები.
რობაქიძე არჩეული იყო ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად. აღსანიშნავია, რომ 1960-იანი წლების დამდეგს გადაწყვეტილი იყო მისი წარდგენა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე, რასაც ხელი შეუშალა მწერლის გარდაცვალებამ.
მწერალი 1962 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში და იქვე დაიკრძალა. 1976 წელს ქართველი ემიგრანტების – ნინო და კალისტრატე სალიების- თაოსნობით საფრანგეთში, ლევილის ქართულ სასაფლაოზე გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები