“ევროსაბჭოს რეზოლუცია იმეორებს იმ მოწოდებებს, რასაც არასამთავრობოები აკეთებდნენ”

ევროსაბჭოს რეზოლუცია სხვადასხვა ინსტიტუტების თუ რეფორმების შეფასებისას, ფაქტობრივად იმეორებს იმ შეფასებებს, მოწოდებებს, თუ დასკვნებს, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო ორი წლის განმავლობაში აცხადებდნენ და რა მოწოდებებსაც აკეთებდნენ ხელისუფლების მიმართ, – ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა , ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლომჯარია მიიჩნევს,რომ არასწორი იქნება ხელისუფლების პოზიცია, თუ ის ჩათვლის, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის არის და მნიშვნელობას არ მიანიჭებს მას მომავალი რეფორმირების პროცესში.
“რეზოლუცია აღიარებს იმ დემოკრატიულ მიღწევებს და განვითარებებს, რასაც საქართველომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მიაღწია. ის აღნიშნავს, რომ სასამართლო გახდა უფრო მეტად დამოუკიდებელი, თუმცა ხარვეზებს ხედავს იმაში, რომ ცალკეულ სენსიტიურ საქმეებზე სასამართლოზე პოლიტიკური ზეგავლენა იგრძნობა და ეს არ უნდა მოხდეს. ის საუბრობს იმაზე, რომ მედიის მიმართულებით არის მნიშვნელოვანი მიღწევები, თუმცა ამბობს, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბორდის დანიშვნის პროცესში, ორივე მხარემ, როგორც უმრავლესობამ, ასევე ოპოზიციამ, ეს პროცესი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა, რის გამოც ვერ მოხერხდა პოლიტკიურად ნეიტრალური პირების არჩევა და ეს პროცესი გარკვეულწილად შეფერხდა”, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, რეზოლუცია ასევე საუბრობს იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში, თუმცა საუბრობს იმ ხარვეზებზე, რაზედაც არასამთავრობოები ამახვილებდნენ ყურადღებას. მისივე განმარტებით, ეს ხარვეზებია კანდიდატებზე ზეწოლის შემთხვევები და ის, რომ სამართალდამცავებმა არაობიექტურად გამოიძიეს აღნიშნული საქმეები.
“რეზოლუცია საუბრობს იმაზე, რომ ძალიან კარგია, რომ პირდაპირი გზით მოხდა მერების და გამგებლების არჩევა, თუმცა, ასევე ხაზს უსვამს, რომ ის უნდობლობის პროცედურა, რაც არსებობს დღეს მერებისა და გამგებლების მიმართ, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. საუბარია ასევე იმაზე, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირება უნდა დაიწყოს და ჩვენ სულ რამოდენიმე დღის წინ გავაკეთეთ განცხადება ამასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, რეზოლუციაში ასევე საუბარია, რომ საჯარო სექტორში, როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლების დროს, თანამშრომელთა აყვანა და გათავისუფლება პოლიტიკურად მოტივირებულია და ეს უნდა შეიცვალოს. “ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ”, – განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები