ალი ბაბაევი: “26 ოქტომბერს საქართველოში რეფერენდუმი ტარდება: ომი, ან მშვიდობა, სტაბილურობა, ან დესტაბილიზაცია”

“ეს არჩევნები რეფერენდუმია ომსა და მშვიდობას შორის”,- ამის შესახებ “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ბაბაევმა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებს მიმართა.

“საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით პირველად ტარდება. ეს არჩევნები რეფერენდუმია ომსა და მშვიდობას შორის.
საარჩევნო მარათონში თავად აქტიურად ვარ ჩაბმული, რეგიონებში, თბილისის რაიონებში დავდივარ, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს. როგორ მიდის საარჩევნო კამპანია – ვიტყოდი, რომ მიმდინარეობს წყნარ, სტაბილურ ფორმაში. ჩვენი თანამოქალაქე აზერბაიჯანელები “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პარტიულ სიაში არიან, ასევე რამდენიმე ახალგაზრდა ოპოზიციის სიაშია. ისინი პოლიტიკაში დიდად აქტიურები არ არიან. ოპოზიციას ამით უნდა რომ აზერბაიჯანული მოსახლეობის ხმები მოიზიდოს, მაგრამ ვხედავთ, რომ მათი გამოსვლები, მოსახლეობასთან შეხვედრები არც ისეთი ეფექტურია, რადგან მოსახლეობა ხედავს, რა არის მშვიდობა, რა არის ომი, იციან, რა არის სტაბილურობა, რა არის დესტაბილიზაცია. ჩვენ ეს პროცესები 33 წლის განმავლობაში გავიარეთ: დაპირისპირება გამსახურდიას დროს, შემდეგ შევარდნაძის მოსვლა, გადატრიალება, 9 წელი “ნაციონალური მოძრაობის” ტერორი, შემდეგ კი 12 წელი, პირველი ოქტომბერი, როცა “ქართული ოცნება ” ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ხელისუფლებაში მოვიდა. უკვე 12 წელია ქვეყანაში სტაბილური პროცესებია, ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე გამოვიდა, გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში დიდი ადგილი დაიკავა. ქვეყანა წინსვლას აგრძელებს. არის დიდი ინვესტიციები, საქართველოს მიმართ ინტერესი. ეს ყველაფერი იმასთანაა დაკავშირებული, რომ საქართველოში ბიზნესი თავისუფალია, ბევრი სასიკეთო პროექტი მიმდინარეობს: შენდება სკოლები, საბავშვო ბაღები, ინფრასტრუქტურა, გზები, განათებები, სპორტული და კულტურული კერები. სოციალურ სფეროში დიდი მიღწევებია: პენსიების სისტემატურად ზრდა, სოციალურად დაუცველებისთვის დახმარება, ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც ბევრ ადამიანს ჯანმრთელობა შეუნარჩუნა. ეს ყველაფერი ხელისუფლების ნებით კეთდება. მიზანმიმართული პოლიტიკის დიდი დამსახურებაა, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა. თუ ადრე უმუშევრობა რეკორდული იყო, დღეს მცირდება და მცირდება. ვესწრებოდი ბატონი პრემიერის მიერ საარჩევნო პროგრამის განხილვას, პროფესიონალურად იყო გამოხატული ის ძვრები, რაც 2012 წლიდან 2024 წლამდე იყო, ასევე ის, თუ 2024 წლიდან 2028-2030 წლამდე ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის რა პერსპექტივებია.უნდა ჩამოვთვალოთ, ადამიანებს ვუთხრათ ის, რაც კეთდება, უმადურები არ უნდა ვიყოთ. ყველამ ერთი აგური უნდა დავდოთ, რომ ეს ქვეყანა აშენდეს,უფრო კარგად იყოს.

2007 წლის ნოემბრიდან იმ ხალხის გვერდით ვდგავარ, ვისაც საქართველო ნამდვილად უყვარს. 2012 წლამდე სამართლიანობისთვის ვიბრძოდით, არჩევნებს ვიგებდით, მაგრამ წაგებული ვხდებოდით. გახსოვთ, როგორ ტარდებოდა არჩევნები, ჩართული იყო “სოდი”, “კუდი”, დაშინებები იყო. ჩვენს სასულიერო პირს ავალდებულებდნენ – წადი, ოჯახ-ოჯახ იარე, ყურანზე დააფიცებინე ხალხს, რომ 5 ნომერს მისცენ ხმაო. ეს დღეები დაგვავიწყდა? დღეს მათთან ოჯახში ვინმე მიდის? შავი და თეთრი უნდა გავარჩიოთ.

ოპოზიციის მიტინგზე 10-15 ათასი მომხრე გამოვიდა, ხელისუფლების შეცვლა, დესტაბილიზაცია უნდათ. ამას მხარს დე ფაქტო პრეზიდენტი უჭერს, რომელიც ვერც ინატრებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყო, მაგრამ “ოცნების” გუნდმა და ბატონმა ბიძინამ ნდობა გამოუცხადა, ის კი მოღალატე გამოვიდა.

ჩვენ არ გვინდა დესტაბილიზაცია, ქუჩებში ახალგაზრდებს რომ ხოცავდნენ, ციხეებში რა მდგომარეობაც იყო, ადამიანებს როგორ აუპატიურებდნენ, აწამებდნენ, ამ ხალხს უკან დაბრუნება უნდა. ზოგი ამბობს 1000 – ლარიანი პენსია იქნება, ყველაზე დაბალი ხელფასი 2000 ლარი იქნებაო, ამათ ეკონომისტი არ ჰყავთ? ცოტა იფიქრეთ, საიდან, როგორ? ამათ 9 წლის განმავლობაში სასიკეთო არაფერი მოუტანიათ, არც ახლა მოიტანენ.

დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ ყველანაირი წინსვლით, ეს შევინარჩუნოთ. ამისთვის საჭიროა ახალი ძალა, ენერგია. ზუსტად ახალი ძალაც, ენერგიაც დაკომპლექტებულია “ქართულ ოცნებაში”, ძალიან ბევრი ენერგიული ახალგაზრდაა.

მინდა როგორც საქართველოს მოქალაქემ, პოლიტიკაში 30 წლიანი გამოცდილების მქონემ ვთქვა: მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი ქვეყანა ისეთი, როგორიცაა, თავისი ტრადიციებით, რელიგიით, ადათ-წესებით, არ მინდა, ჩემს ქვეყანას ზემოდან ვინმემ ხელი დაუქნიოს. თუ ვინმეს მეგობრობა უნდა, მიგვიღოს ისეთი, როგორიც ვართ. მინდა, მივმართო ჩემს თანამოქალაქეებს ქართველებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ქურთებს, აისორებს,რუსებს, უკრაინელებს, ვინც საქართველოს მოქალაქეა – 26 ოქტომბერს საქართველოში რეფერენდუმი ტარდება: ომი, ან მშვიდობა, სტაბილურობა, ან დესტაბილიზაცია, შენება, ან ნგრევა. იფიქრეთ და გადაწყვეტილება მიიღეთ, რა გვინდა ჩვენ. მოდით, ხმა მიეცით. ერთ-ერთი ყველაზე საღი, მოაზროვნე, პატრიოტი ძალა “ქართული ოცნებაა”. მე იმედი მაქვს, რომ მოსახლეობის 60-70% ჩემსავით ფიქრობს. ყველა უნდა მოვიდეთ არჩევნებზე. აზერბაიჯანულ მოსახლეობას მივმართავ: ჩემო ძვირფასო აზერბაიჯანელებო, საქართველოში ქართველ ხალხთან ერთად ბევრი გაჭირვება გავიარეთ, დღეს ბედნიერები ვართ,რომ ჩვენი შრომით, ადათით, რელიგიით, წესიერებით ქართველ ხალხთან ერთად ვდგავართ, ვაშენებთ საქართველოს, ყველას გთხოვთ, მიდით და მხარი 41-ს დაუჭირეთ”, – განაცხადა ბაბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები