“ქართული კანონის „რუსულ კანონად“ დაბრენდვა სტრასბურგის სასამართლომ ხუხულასავით ჩამოშალა; ცრუ ბრალდებების გამავრცელებლებს ისღა დარჩენიათ, ქართველ ამომრჩეველს ბოდიში მოუხადონ” – პაპუაშვილი
“ქართული კანონის „რუსულ კანონად“ დაბრენდვა სტრასბურგის სასამართლომ ხუხულასავით ჩამოშალა, ცრუ ბრალდებების გამავრცელებლებს ისღა დარჩენიათ, ქართველ ამომრჩეველს ბოდიში მოუხადონ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გუშინ რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც ეხება მოქმედ კანონს „უცხოელი აგენტების“ შესახებ.
“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გუშინ რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც ეხება მოქმედ კანონს „უცხოელი აგენტების“ შესახებ. ეს ის კანონია, რომელზეც ჩვენ ვნახეთ დეზინფორმაციის მთელი კამპანია, სათავეში კი იდგნენ პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი პოლიტიკოსები თუ დიპლომატები.ტერმინით, „რუსული კანონი“ ქართული კანონის დაბრენდვა, რომელიც იყო ჩვეულებრივი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუხულასავით ჩამოშალა. მთელი ეს კამპანია, რომელშიც ჰქონდათ მილიონობით ფული ჩასხმული ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რათა ქართველი ხალხის და საქართველოს დისკრედიტაცია მოეხდინათ. ჩამოშალა კიდევ ერთხელ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, როგორც ეს აქამდე არაერთხელ გაუკეთებია.
გახსოვთ „რუსთავი ორის“ საქმე, გვარამიას საქმე, სააკაშვილის საქმე, მელიას საქმე, სადაც ზუსტად იგივე აქტორები ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი აქტორები ქმნიდნენ ყალბ ნარატივებს, თითქოს ქართული მართლმსაჯულების მიერ გამოტანილი განაჩენები იყო პოლიტიკურად მიკერძოებული და უსამართლო – სტრასბურგის სასამართლო ბოლოს წერტილს უსვამდა ამას. როგორც გახსოვთ, „რუსთავი ორის“ საქმეზე არავინ ბოდიში არ მოიხადა, არცერთმა პოლიტიკოსმა თუ უცხოელმა დიპლომატმა. როგორც გააკეთა ეს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. გვახსოვს ჩვენ ევროკავშირის 27 წევრის დემარში იუსტიციის სამინისტროში ყალბი საფუძვლით სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სულ რამდენიმე კვირაში ადამიანის უფლებათა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს დემარში იყო აბსოლუტურად ცრუ და არანაირი საფუძველი მას არ ჰქონდა. მოიხადა ვინმემ ბოდიში, რომელიმე წევრმა ქვეყანამ ან დიპლომატმა, იგივე იყო გვარამიას საქმეზე, მელიას საქმეზე, სამწუხაროდ ასე ზიანს აყენებენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს და შემდეგ ბოდიშს არავინ არ იხდის“, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.