„მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის“ – ზურაბ კანდელაკის პიესის კითხვა-წარდგენა გაიმართა
მწერალთა სახლში ჩატარდა კითხვა-წარდგინება ზურაბ კანდელაკის პიესისა – „მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის“.
მონაწილეობდნენ: ლილი ხურითი და გივი ჩუგუაშვილი.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, პიესა ეხება აფხაზეთიდან დევნილ მსახიობებს, რომლებიც გარკვეულ მიზეზთა გამო ხვდებიან ტოქშოუს ჩაწერაზე, სადაც უნდა გაიარონ კასტინგი და კომისიის დავალებით შეასრულონ სხვადასხვა ნაწყვეტი ნათამაშები როლებიდან. რეპეტიციის პროცესში ისინი იხსენებენ სოხუმის თეატრს, იქაურ განუმეორებელ ატმოსფეროს და ჰყვებიან საკუთარ ისტორიებს, აღსავსეს სევდით, იუმორით, ტრაგიზმითა და ოპტიმიზმით.
საკუთრივ პროექტი წარმოადგენს მოსასმენ თამაშს, განკუთვნილი მაყურებლისთვის. ასეთი ფორმა, რომლის გერმანული დედანი იკითხება, როგორც „ჰორშპილი“, პოპულარობით სარგებლობს ევროპისა და აშშ-ის თეატრებში. რადიოპიესის გამომსახველობითი საშუალებები ავტორსა და მსახიობებს ანიჭებს სრულ თავისუფლებას. ამ ფორმით მოწოდებული სპექტაკლი არ არის შეზღუდული დროით და სივრცით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ყველა ლიტერატურული ხერხი − იქნება ეს ცნობიერების ნაკადი თუ ასოციაციური მეთოდი. ასე რომ, თუ მივყვებით ასოციაციების ჯაჭვს, შესაძლებელია, რომ პიესის კითხვა-წარდგენის დროს გაჟღერებულმა მოგონებებმა მაყურებელში გააცოცხლოს წარსულის სურათები… ყველაფერი დამოკიდებულია შემსრულებლების ოსტატობასა და მაყურებლის ფანტაზიაზე.
პიესის ავტორი და რეჟისორია ზურაბ კანდელაკი; რეჟისორის თანაშემწე: სვეტა გოგოხია; პროდიუსერი: კობა ცხაკაია; ხმის რეჟისორი: თაზო კანდელაკი.
ფოტო – გიორგი შარიმანაშვილი