ლევან დავითაშვილი ხვალ ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს ეწვევა
12:00 – პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას დაესწრება, რომელიც 12:00 საათზეა დაგეგმილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციას ასევე დაესწრებიან მთავრობის, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის, აგრეთვე კერძო სექტორის წარმომადგენლები.
გარდა ამისა, 14:00 საათზე პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება – მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრება.
სამინისტროს ცნობით, სამუშაოები მოიცავს ზღვის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას, კერძოდ ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის დაღრმავებას და ე.წ. „ტალღმტეხელის“ მოწყობას.
ღონისძიებაზე კომპანია „იან დე ნულსა“-სა და საქართველოს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ასევე გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ პრაქტიკა გაიარონ (კადეტის პროგრამა) კომპანია „იან დე ნულის“-ის საკუთრებაში არსებულ გემზე, რომელიც იმუშავებს ანაკლიაში დაღრმავებით სამუშაოებზე.